გოგა ბითაძემ სუპერმატჩი ჩაატარა. ინდიანა პეისერსმა, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი იცავს, ნბა-ს მორიგი საგამოფენო მატჩი “კლივლენდთან” გამართა და მიუხედავად იმისა, რომ 94:110 დამარცხდა, ბითაძის გულშემატკივრები დიდად კმაყოფილები იქნებიან. ქართველი ცენტრი ინდიანელთაგან საუკეთესო იყო.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მან მოედანზე 23:28 წუთი დაჰყო და 18 ქულით კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. გოგამ პერიმეტრიდან 7-დან 4 ბურთი ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი 3-დან 2. გოგა საჯარიმოს ხაზთან 3-ჯერ დადგა და 2-ჯერ ზუსტად ისროლა. 18 ქულასთან ერთად, ბითაძემ 6 მოხსნა (1 შეტევაში და 5 დაცვაში) და 3 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას მთელი მატჩის განმავლობაში არც ბურთი დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.
„კავალიერსი“ მეტოქეს პირველივე ტაიმში 13 ქულით გაექცა და უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა. ბითაძის შემდეგ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ჩედი ოსმანი იყო 14 ქულით. დინ უეიდის, აიზია ჯექსონის და მიჩ ბელოკის ანგარიშზე 12-12 ქულაა.
ეს გახლდათ ინდიანელთა ბოლო საგამოფენო მატჩი. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი უკვე ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში, 21 ოქტომბერს „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.