ბითაძემ ფილადელფიასთან საგამოფენო მატჩში 20 წუთში 5 ქულა ჩააგდო

ბითაძემ ფილადელფიასთან საგამოფენო მატჩში 20 წუთში 5 ქულა ჩააგდო

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგასი მოთამაშე ერთადერთმა ქართველმა, გოგა ბითაძემ დღეს სეზონის პირველი მატჩი ითამაშა. გოგას ტრავმა აწუხებდა და მან “ინდიანა პეისერსის” რიგით მესამე და უკანასკნელ საგამოფენო მატჩში ითამაშა. 

ინდიანამ ფილადელფი სიქსერზს უმასპინძლა და 107:113 დამარცხდა. ბითაძემ ამ შეხვედრაში 20:38 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 

გოგა ინდიანას ახალმა თავკაცმა პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბროგდონის ნაცვლად შეიყვანა. რამდენიმე წამში ის საჯარიმოს ხაზზე დადგა (ერთი ჩააგდო), მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე კი პირველი ასისტის დროც მოვიდა, მაკდერმოტს ჩააგდებინა. მეოთხედის ბოლო წამებზე კორკმაზმა სწორედ გოგას მოპარა ბურთი და ფილადელფიამ 2-ქულიანი ჩააგდო, მეოთხედი მეტოქემ 30:28 მოიგო. მეორე მეოთხედი ბითაძისთვის ცუდად დაიწყო, ჯერ ააცილა, შემდეგ კი შეტევაში დაჯარიმდა, მალე კი სამქულიანიც ააცილა. მეოთხედის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ახლა გოგამ მოპარა ბურთი კორკმაზს და სტენლის ჩააგდებინა. 7.5 წუთით ადრე გოგა ოლადიპომ შეცვალა. 

ქართველი ცენტრი პარკეტზე კიდევ ერთხელ, მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გამოჩნდა, როცა საბონისი შეცვალა. ამ მეოთხედში ის ერთხელ დაჯარიმდა, თუმცა ბოლო მეოთხედი გოგამ კარგად დაიწყო – მარჯვენა ფრთიდან სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა. მალევე კიდევ ერთხელ სცადა შორი მანძილიდან, ამჯერად უშედეგოდ. გოგამ კიდევ ერთი ჩაჭრა მიითვალა. 9 წუთით ადრე კი სემპსონმა შეცვალა, მაგრამ მალევე დაბრუნდა მაკდერმოტის ნაცვლად.

თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე მან ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და შეუტია, თუმცა დაუფარეს. მატჩის ბოლოსკენ გოგა ისევ გააქტიურდა, ზედიზედ ორჯერ მოხსნა ბურთი, შემდეგ კი ორი საჯარიმო ჩააგდო – 101:106. ქართველი ცენტრი მწვრთნელმა თამაშის ბოლომდე დატოვა.

წაგებულთა რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისმა 26 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ინდიანა პეისერსი ნბა-ს სეზონს ნიუ იორკ ნიკსთან 24 დეკემბერს (04:00 თბილისის დროით) ხსნის.