გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა სან ანტონიო დაამარცხა, რითაც 3-მატჩიან წაგებათა სერია დაასრულა. ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა, გოგას ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა.
20:29 წუთი, 10 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 4 დაფარება – ასეთი იყო ქართველი ცენტრის მონაგარი დღევანდელ შეხვედრაში. გოგამ 6-დან ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი არაზუსტად ისროლა. საგულისხმოა, რომ 4 ბლოკშოტი გოგას გარდა, მხოლოდ მის თანაგუნდელ ჯელენ სმითს ჰქონდა და ამ კომპონენტში ის ნამდვილად გამორჩეული იყო.
ინდიანაში კრის დუარტე (15 ქულა, 8 მოხსნა) და დუან ვაშინგტონი (19 ქულა) გამოირჩნენ, ხოლო სან ანტონიოში საუკეთესო ჯოკ ლანდელე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა მოუტანა.
პეისერსმა მატჩი 119:108 მოიგო და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდის წინ ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, რადგან ბითაძე და მისი თანაგუნდელები 15-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ და სან ანტონიომ ჩამორჩენის დაქაჩვა ვეღარ მოახერხა.
ინდიანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 გამარჯვებით და 45 მარცხით მხოლოდ მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს, რადგან ამ ზონამდე 10 მოგება აშორებს. ინდიანაპოლისელები მომდევნო შეხვედრას 14 მარტს, სტუმრად ატლანტა ჰოუქსთან ჩაატარებენ.