მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, გოგა ბითაძე აგრძელებს წარმატებულ თამაშს. მორიგ შეხვედრაში, რომელშიც ქართველი ცენტრის “ინდიანა” “შარლოტთან” 97:114 დამარცხა, გოგამ 10:47 წუთში 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ანუ გამოდის, მან ლამის ორმაგი დუბლი არასრულ 11 წუთში შეასრულა.
ბითაძის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 10 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში, 4 დაცვაში) და 1 პასი. გოგამ სამივე 2-ქულიანი სროლა ზუსტად შეასრულა, პერიმეტრიდან 2-იდან 1 სამქულიანი ჩააგდო და 3 საჯარიმოდან 1 გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ პლუს-მინუს გრაფაში ბითაძის კოეფიციენტმა 7 შეადგინა, რაც პეისერსში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჰორნეტსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მაილს ბრიჯესმა შეიტანა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 23 ქულა, 10 მოხსნა. 17 ქულა იყო კოდი ზელერის ანგარიშზე, 15 – ტერი როზირის. პეისერსში ყველაზე მეტი – 16 ქულა კარის ლევერტმა მიითვალა, 13 – დაგ მაკდერმოტმა, 12-12 – ტი ჯეი მაკონელიმ და აარონ ჰოლიდეიმ. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ინდიანას ლიდერმა დომანტას საბონისმა, რომელიც მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
პეისერსს 47 მატჩში 21 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 4 აპრილს, სტუმრად სან ანტონიო სპურსთან ჩაატარებს. შარლოტ ჰორნეტსი 48 მატჩში 25 მოგებით აღმოსავლეთში მეოთხეა.