ბითაძის 12 ქულა და პირველი გამარჯვება “ბუდუცნოსტის” შემადგენლობაში

ბითაძის 12 ქულა და პირველი გამარჯვება “ბუდუცნოსტის” შემადგენლობაში

გოგა ბითაძემ ახალი გუნდის მაისურით პირველი გამარჯვება იზეიმა. “ბუდუჩნოსტმა” პოდგორიცეში ბოსნიურ “იგოკეას” უმასპინძლა და 96:70 გაანადგურა. ეს გახლდათ პირველი გამარჯვება 8 მარცხის შემდეგ, რომლებიც “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგასა და ადრიატიკის ლიგაში მიჯრით განიცადა. 

პოდგორიცელთა გამარჯვებაში ქართველი ცენტრის წილი სოლიდურია. ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 23:19 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მონტენეგროელ დანილო ნიკოლიჩს (18) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

“ბუდუჩნოსტმა” 9 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ სერბულ “ცრვენა ზვეზდასა” და ხორვატულ “ცედევიტას” ჩამორჩება. ბითაძის გუნდს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო შეხვედრა  14 იანვარს ბელგრადში ფმპ-სთან ელის, მანამდე კი, 9 იანვარს, ევროლიგის ეგიდით, თელ ავივის “მაკაბის” ესტუმრება.