გოგა ბითაძის ყველაზე შედეგიანი მატჩი ორლანდო მეჯიქში. მას შემდეგ, რაც 3 თებერვალს ორლანდოში პირველად ითამაშა, ქართველ ცენტრს ყველაზე მეტი- 12 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, დღეს კი, მემფისთან მატჩში ბითაძემ 13 წუთში 13 ქულა მიითვალა.
შეხვედრა მემფისში ჩატარდა და ორლანდომ გრიზლისთან 108:113 წააგო. ქართველი ცენტრი მესამე პერიოდში გამოჩნდა მოედანზე და აღნიშნულ პერიოდში მოედანზე გატარებულ 4:57 წუთში 11 ქულა და მოხსნა მიითვალა. მოედანზე გატარებული ზეშედეგიანი 5 წუთის შემდეგ, ბოლო პერიოდში გოგამ დაფარებების ოსტატობა გამოიჩინა და მოედანზე გატარებულ 8:19 წუთში 3 დაფარება მიითვალა.
ჯამში ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 13:16 წუთი, 13 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ის ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. ორლანდოს ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ერთი სიტყვით, ბითაძე ძალიან შედეგიანი იყო და სარგებლიანობის კოეფიციენტით ორლანდოელთაგან აერთ-ერთი საუკეთესო იყო.
საუკეთესო შედეგი პაოლო ბონკერომ დააფიქსირა – 24 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი 29 წუთში. ფრენც ვაგნერმა 32 წუთში 25 ქულა მოაგროვა. მემფისში არ უთამაშია გუნდის ლიდერ ჯა მორანტს, ხოლო საუკეთესო 31 ქულით დესმონდ ბეინი გახდა.
ორლანდოს 32 მოგება და 44 მარცხი აქვს. პლეი ინის ზონის ბოლო გუნდს, მე-10-ზე მყოფ ჩიკაგოს კი 36 მოგება და 39 მარცხი. დარჩენილ 6 მატჩში ამ სხვაობის აღმოფხვრა ფაქტობრივად შეუძლებელია და სავარაუდოდ, ორლანდო რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ნბა-ში სეზონს დაასრულებს.