ბითაძის 15 ქულა და გამარჯვება “ზადართან”

ბითაძის 15 ქულა და გამარჯვება “ზადართან”

ტრავმის შემდეგ გოგა ბითძე ფორმაში შევიდა და მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგაში ხორვატულ “ზადარს” უმასპინძლა და 75:69 დაამარცხა, ქართველი ლეგიონერი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

19 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24:32 წუთი გაატარა და პოდგორიცელებს 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. გოგამ 5-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. გამარჯვებულთაგან ბითაძეზე მეტი – 18 ქულა ერლ კლარკმა მოაგროვა, ხოლო ნემანია გორდიჩს 9 ქულა და 10 პასი ჰქონდა.

“ბუდუჩნოსტმა” 14 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და რეგულარულ სეზონში 2 მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი: 11 მარტს, სერბეთში, ბითაძის ყოფილ კლუბ “მეგა ბემაქსთან” და 17 მარტს, შინ, ხორვატულ “ციბონასთან”.