ბითაძის 4 ქულა 17 წუთში და ინდიანას გამარჯვება ჰიუსტონთან

ბითაძის 4 ქულა 17 წუთში და ინდიანას გამარჯვება ჰიუსტონთან

გოგა ბითაძის “ინდიანამ” მორიგი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. “პეისერსმა” დასავლეთ კონფერენციისა და მთლიანად ნბა-ს ერთ-ერთი ბობოქარი გუნდი – “ჰიუსტონ როკეტსი” 108:104 დაამარცხა. გოგა ბითაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე პირველივე მეოთხედში შევიდა. მან 16:42 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სხვათა შორის, ერთი ჩაჭრა გოგამ ჯეიმს ჰარდენის წინააღმდეგ ბრძოლაში მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ამდენი გოგას ორლანდოში აქამდე არ უთამაშია. 

ინდიანელთაგან 18-18 ქულა მაილს ტერნერმა (12 მოხსნა) და ჯასტინ ჰოლიდეიმ მოაგროვეს, 17 ქულა ედმონდ სომნერმა ჩააგდო, 16 – დაგ მაკდერმოტმა. წაგებულთა შორის საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 45 ქულა, 17 მოხსნა, 9 პასი. 

ინდიანას, რომლის მწვრთნელმა ნეით მაკმილანმაც თამაშის წინ გუნდთან ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვიტა, 44 მოგებით აღმოსავლეთში მე-5 პოზიციაზეა. 15 აგვისტოს (00:00 თბილისის დროით) ინდიანა მაიამის ეთამაშება და ამით რეგულარულ სეზონს ასრულებს.