გოგა ბითაძემ მორიგ მატჩში 13 წუთი ითამაშა, თუმცა მისი გუნდი უიმედოდ დამარცხდა. ინდიანა პეისერსი ბრუკლინში კევინ დიურანტის გარეშე მყოფ ნეთსს შეხვდა და 94:104 წააგო. პირველი ნახევრის შემდეგ ინდიანელები 32 ქულას აგებდნენ და მატჩის ბედიც გარკვეული იყო. საბოლოოდ სტუმრებმა ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება მოახერხეს.
ბითაძემ თამაშიდან მხოლოდ ორჯერ შეუტია და ორჯერვე ჩააგდო. მის ანგარიშზე 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება დაგროვდა. ქართველი ცენტრი ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. გოგა გაცილებით სარგებლიანი იყო, ვიდრე ინდიანელთა ძირითადი ცენტრი მაილს თერნერი, რომელმაც ქართველზე ორჯერ მეტი – 26 წუთი დაჰყო მოედანზე. ტერნერმა შეხვედრა 3 ქული, 3 მოხსნით და 1 დაფარებით დაასრულა. ამასთან ის 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
ნიუ ჯერსის სულ არ უგვრძვნია დიურანტის არყოფნა, რომელიც კორონავირუსის პროტოკოლის გამო იზოლაციაში იმყოფება. ნეთსის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, კაირ ირვინგმა 17-დან 17 საჯარიმო (!) ჩააგდო, მთლიანობაში 35 ქულა მოაგროვა და ინდიანელებს საქმე მალევე მოუთავა.
12 მოგებითა და 13 მარცხით ინდიანამ აღმოსავლეთ კონფერენციაში დაკარგა ერთპიროვნული მე-5 ადგილი. მას ტორონტო წამოეწია. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 12 თებერვალს, დეტროიტში პისტონსთან გამართავს.