ორლანდო მეჯიქს ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს მთელს მნაში. ფლორიდულმა გუნდმა, რომლის სასტარტო ხუთეულში ქართველი ცენტრი დგას, ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. გოგა ბითაძის გუნდმა მორიგი შეხვედრა ორლანდოში, ვაშინგტონ ვიზარსთან 139:120 მოიგო, რაშიც ქართველ კალათბურთელსაც მიუძღვის წილი.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:43 წუთი გაატარა. ქართველმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გოგას მონაგარმა 8 ქულა, 7 მოხსსნა, 2 პასი და 1 დაფარება შეადგინა. მან პირწმინდად აჯობა ვაშინგტონელთა ოპონენტს, ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე დანიელ გაფორდს, რომელმაც 26 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
ორლანდოში 31 ქულით საუკეთესო იყო ფრანც ვაგნერი. 25 ქულა კოულ ენტონიმ, ხოლო 22 – ჯალენ საგსმა მიითვალეს. ორლანდოს 13 მოგება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს მილუოკი ბაქსთან იყოფს. პირველზე კი ბოსტონ სელტიქსია 14 მოგებით. შემდეგი შეხვედრა მეჯიქს 1 დეკემბერს, კვლავ ვაშინგტონთან და ისევ ორლანდოში ელის.
ბითაძის მომენტები ვაშინგტონთან