ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ადრიატიკის ლიგის ჩემპიონობას ვერ შესწვდა

ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ადრიატიკის ლიგის ჩემპიონობას ვერ შესწვდა

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ჩემპიონობას ვერ შესწვდა. ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა პოდგორიცელებმა მტრულ გარემოში, ბელგრადის ალეკსანდარ ნიკოლიჩს დარბაზში 54:97 წააგეს და შარშან მოგებული ადრიატიკის ჩემპიონობა “ცრვენა ზვეზდას” დაუთმეს.

ბელგრადში დაგეგმილი შეხვედრა ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც სტუმარი კალათბურთელებისა და მასპინძელის ფანების დაპირისპირება გახდა. საბოლოოდ, “ბუდუჩნოსტი” მტრულ გარემოში თამაშს მაინც დასთანხმდა, თუმცა, სჯობდა, მოედანზე საერთოდ არ გასულიყო. “ცრვენა ზვეზდამ” მეტოქე უბრალოდ გაანადგურა, 43-ქულიანი სხვაობით აჯობა და ევროლიგის საგზურიც დაიბრუნა.

ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:36 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 19 წლის ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სავარაუდოა, რომ ამიერიდან გოგა ისევ “მეგა ბემაქსს” შეუერთდება და სერბეთის ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს, 20 ივნისს კი ნბა-ს დრაფტი ელის.