გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს რეგულარულ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ფლორიდელები სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტსა და მეორეადგილოსან „ბოსტონ სელტიკსს“ დაუპირისპირდნენ, რომელსაც მიმდინარე სეზონში საკუთარ არენაზე მარცხი არ ჰქონდა (6-0) და ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული. „მეჯიქმა“ მეტოქეს წარმატებული სერია შეუწყვიტა და 2022 წლის 18 დეკემბრის შემდეგ ბოსტონში პირველად იმარჯვა — 115:105.
ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მოედანზე 20 წუთი გაატარა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გოგამ ბურთი თითქმის უშეცდომოდ ისროლა და აქტივში 10 ქულა, 6 მოხსნა (აქედან 3 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ბითაძემ თამაშიდან 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. რაც ყველაზე მთავარია, მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში „ორლანდომ“ „ბოსტონს“ 14 ქულით აჯობა (+14), რაც ფრანც ვაგნერთან ერთად ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შედარებისთვის, „მეჯიქის“ სასტარტო ცენტრმა უენდელ კარტერ უმცროსმა 28 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, მისი +/- მაჩვენებელი კი უარყოფითი (-4) გახლდათ.
მატჩი თავიდანვე დაძაბულად დაიწყო. პირველ მეოთხედში ორივე გუნდს სროლები გაუჭირდა („ორლანდომ“ 33.3%-ით ისროლა, „ბოსტონმა“ კი მხოლოდ 25%-ით) და სტუმრებმა პერიოდი 20:17 მოიგეს. მეორე მეოთხედში „მეჯიქმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა — 50:41.
მესამე თორმეტწუთეულში მასპინძლები ჯეისონ ტეიტუმის ლიდერობით გააქტიურდნენ, პერიოდი 36:25 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 2 ქულით დაწინაურდნენ (77:75). თუმცა, გადამწყვეტ მომენტში „ორლანდომ“ საოცარი ხასიათი გამოავლინა, ბოლო პერიოდში მეტოქეს 40 ქულა ჩაუგდო (40:28), საფინალო სირენამდე წუთ-ნახევრით ადრე 110:99 გაიქცა და შეხვედრა დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო დესმონდ ბეინი იყო 24 ქულითა და 8 მოხსნით. ფრანც ვაგნერმა სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლო (21 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი), ენტონი ბლექმა 20 ქულა და 7 პასი მიითვალა, ტრისტან და სილვამ კი 13 ქულა ჩააგდო. „ბოსტონს“ ჯეისონ ტეიტუმის (24 ქულა, 12 მოხსნა), პოლ ჯორჯისა (22 ქულა) და პეიტონ პრიტჩარდის (21 ქულა) შედეგიანობამ ვერ უშველა.
აღსანიშნავია, რომ „ორლანდო მეჯიქს“ სტუმრად შესანიშნავი ბალანსი აქვს — გუნდმა გასვლითი 8 მატჩიდან 5 მოიგო (5-3), საერთო ჯამში კი 6 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე დაწინაურდა და პლეი-ინის ზონაში პოზიციები გაიმყარა. რაც შეეხება „ბოსტონს“, „სელტიკსი“ (11-3) კონფერენციაში კვლავ მეორე პოზიციაზე რჩება.
მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი ოთხშაბათს, საკუთარ არენაზე აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერის, „ფილადელფია სიქსერსის“ (12-3) წინააღმდეგ გამართავს.