ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი სეზონში | ორლანდოს სუპერსერია გრძელდება

ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი სეზონში | ორლანდოს სუპერსერია გრძელდება

გოგა ბითაძემ სეზონში მე-6 ორმაგი დუბლი მიითვალა, მისმა ორლანდომ კი ბოლო 13 მატჩიდან, რომლებშიც ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში შეუცველად იდგა, 12 მოიგო. მორიგი მატჩი ორლანდოელებმა ბრუკლინში მოიგეს, სადაც 2 დღის წინ უკვე მოიპოვეს გამარჯვება. ბითაძემ პირველ პერიოდში 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, მთლიანად მატჩში კი თავი 12 ქულას, 13 მოხსნას, 3 ჩაჭრას, 2 პასს და 2 დაფარებას მოუყარა.

სასტარტო ხუთეულში კვლავ 2 ნომინალური ცენტრი იდგა. თუკი ზოგადად ძირითადი ცენტრი კარტერი იყო, რომელსაც ბითაძე ცვლიდა ხოლმე, ან მისი ტრავმის პერიოდში ხუთეულში ადგილს იკავებდა, ახლა ვითარება შეიცვალა. სრულიად ჯანმრთელი კარტერიც ხუთულშია და ქართველიც მის გვერდზე. ბითძე ცენტრის პოზიციაზე დგას, კარტერი კი – მძიმე ფორვარდის. ზოგადად ორივე ერთი ყაიდის მოთამაშეა, თუმცა გოგა უფრო ფარისკენაა შეწეული, მაგრამ ათლეტური ტანისა და თხელი ფორმების ხარჯზე ის მშვენივრად გადაადგილდება მოედანზე, გარბის სწრაფ შეტევაში და პერიმეტრზეც მშვენივრად სოლირებს. მთავარი კი ისაა, რომ ორლანდოს მთავარი მწვრთნელი მიხვდა, რომ ბითაძის ადგილი სასტარტოშია და პაოლო ბანკეროს ტრავმის შემდეგ სასტარტო ხუთეულის ფუნდამენტური როტაცია განახორციელა და ეს ძალიან ამართლებს. რა იქნება ბანკეროს დაბრუნების შემდეგ, ძნელი სათქმელია, თუმცა ბითაძის როლი და შედეგიანობა რომ თვალდა ხელს შუაა გაზრდილი, ეს თვალნათელია.

რაც შეეხება შეხვედრას, ორლანდომ ბრუკლინი ამჯერად 100:92 დაამარცხა. ორივე გუნდის შემაგენლობაში 25 ქულით საუკეთესო ბრუკლინელი ქემერონ ჯონსონი იყო, ბრუკლინ ნეტსიდან ასევე გამოირჩა დენის შროდერი, რომელსაც 20 ქულა ჰქონდა. ორლანდოს მხრიდან ქულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფრანც ვაგნერმა დააფიქსირა – 20 ქულა, კარტერის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7 მოხსნაა.

ორლანდოს შესანიშნავი სერია გრძელდება – ფლორიდულმა გუნდმა ზედიზედ მე-6 შეხვედრა მოიგო და ბოლო 13 მატჩში მხოლოდ 1 აქვს წაგებული. მეჯიქი ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს და მხოლოდ ბოსტონ სელტიკსი და კლივლენდ კავალიერსი უსწრებენ. გოგა ბითაძეს შემდეგი თამაში 4 დეკემბერს ნიუ იორკ ნიქსთან უწევს.