ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს, გამთენიისას 2-მა ქართველმა ითამაშა და შედეგიანობით ორივე გამოირჩა. სამწუხაროდ, გოგა ბითაძის ორლანდომაც ააგო და სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომაც, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი ქართველი კალათბურთელების გაზრდილი სათამაშო დრო და შედეგიანობა გახლდათ.
ბრძოლაში დამარცხდა ორლანდო, რომელსაც მთავარი ლიდერი, პაოლო ბანკერო ტრავმირებული ჰყავს. ტრავმირებულია გუნდის ძირითადი ცენტრი, ვენდელ კარტერიც და სწორედ მის ადგილს ძირითადში უკვე მეორე მატჩია, გოგა ბითაძე იკავებს. ქართველი ცენტრი კარტერზე შედეგიანია. წინა მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა, დღეს კი, ინდიანასთან 111:118 წაგებულ მატჩში 26 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 12 მოხსნა, 3 დაფარება და 2 პასი მოაგროვა. ეს ბითაძის სეზონში პირველი ორმაგი დუბლი გახლდათ. გოგამ 8 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი აუცდა.
რაც შეეხება მამუკელაშვილს, მანაც 10 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა. სანდრო სათადარიგო იყო და მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 2 სამიანი. 10 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. სან ანტონიო 100:127 დამარცხდა ჰიუსტონში.