გოგა ბითაძემ ორლანდო მეჯიქში პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში და მსუყე ორმაგი დუბლი მიითვალა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 მატჩით ადრე, სათამაშო დროგაზრდილ ქართველ ცენტრს მეტი შანსი მისცეს და ბითაძემაც საკუთარი სიტყვა თქვა. მან მოხსნებში კარიერის პირადი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 15-ს შეადგენს და ის მიმდინარე სეზონში, ინდიანაში თამაშისას, დეტროიტის წინააღმდეგ მოაგროვა. ამჯერად გოგა ორლანდოს მაისურით ბრუკლინს დაუპირისპირდა და პირადსარეკორდო 15 მოხსნასთან ერთად 12 ქულა და თითო ჩაჭრა, პასი და დაფარება მიითვალა.
შეხვედრა ნიუ იორკში ჩატარდა და მასპინძელი ბრუკლინის გამარჯვებით – 101:84 დასრულდა. ბითაძემ მოედანზე 25:23 წუთი გაატარა და ორლანდოელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ორლანდოში 14 ქულითა და 9 მოხსნით კოულ ენტონიც გამოირჩა, ბითაძის მსგავსად 12 ქულა მოაგროვა ფრანც ვაგნერმა.
34 მოგებითა და 47 წაგებით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატისა და მთლიანად მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრას ორლანდო 9 აპრილს, მაიამიში, ჰითსთან გამართავს.