ინდიანა პეისერსის 21 წლის ცენტრმა, გოგა ბითაძემ შედეგიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. თუმცა ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ ქართველ ცენტრს სათამაშო დრო გაუზარდეს. იმ მცირე დროში, რასაც ინდიანას მწვრთნელი არასამართლიანად უთმობს ქართველს, ბითაძე მაქსიმუმს აკეთებს. ეს განსაკუთრებით ბოლო თამაშებშია ცხადი. დღეს, ჩვენი დროით გამთენიისას გამართულ მატჩში ინდიანა პეისერსმა მაიამი ჰითთან 87:92 წააგო, გოგა ბითაძემ კი 11 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი 5 პერსონალური ფოლი ჰქონდა. საინტერესოა, რომ მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანამ მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ბოლო შეხვედრებია, გოგას სტატისტიკური კუთხით აშკარა პროგრესი აქვს. უკანასკნელ ხუთ მატჩში მისი საშუალო მონაგარი 8.0 ქულა, 4.0 მოხსნა და 1.2 დაფარებაა და ეს მხოლოდ 11.8 წუთში.
თუკი ისევ გასულ მატჩს დავუბრუნდებით, აღსანიშნავია, რომ მცირე ტრავმა მიიღო პეისერსის ლიეტუველმა ლეგიონერმა დომანტას საბონისმა. მოგვიანებით მან მოედანზე დაბრუნება შესძლო, თუმცა, ჩვეულად შედეგიანი არ ყოფილა (9 ქულა, 14 მოხსნა). ინდიანას სასტარტო ცენტრმა მაილს ტერნერმა 15 ქულას 6 მოხსნა წაამატა, კარის ლევერტმა და დაგ მაკდერმოტმა კი 14-14 ქულა ჩააგდეს.
ინდიანა პეისერსმა 21 მოგება და 25 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, ამდენად, პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლას კვლავაც განაგრძობს. ბითაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს ჩაატარებს, როდესაც ისევ ინ შარლოტ შარლოტ ჰორნეთსს ეთამაშება.