ბითაძის ზეშედეგიანი მატჩი ევროლიგაში და ქართველი თინეიჯერი ტურის MVP-ის კანდიდატია

ბითაძის ზეშედეგიანი მატჩი ევროლიგაში და ქართველი თინეიჯერი ტურის MVP-ის კანდიდატია

ევროლიგის მეორე კარიერულ მატჩში გოგა ბითაძემ 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება და 2 პასი მიითვალა. გავიხსენოთ ისიც, რომ 19 წლის ქართველმა 1 კვირის წინ ევროპის ამ ყველაზე პრესტიჟულ და მძლავრ ლიგაში 17 ქულა ჩააგდო. ბითაძეს ისედაც გამადიდებელი შუშით უყურებდნენ ოკეამგაღმიდან, თუმცა ამ მატჩების შემდეგ ქართველ თინეიჯერზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდება. ოკეანგაღმელი ექსპერტები გოგას უკვე თვლიან ევროპის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ და ნბა-ს მომავალ დრაფტზე მასზე სავარაუდოდ დიდი მოთხოვნილება იქნება.

ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” მილანში, “არმანისთან” უშანსოდ – 94:111 წააგო, თუმცა ქართველი ცენტრი ამაში უბრალოა. გოგას ვერც სამწამიანში და ვერც პერიმეტრზე ვერ აჩერებდნენ და იგი დამსახურებულად გახდა ამ მატჩისა და მთლიანად ტურნის საუკეთესო. მართალია, მოგვიანებით მისი შედეგი (31 სარგებლიანობის ინდექსი) მადრიდელმა გუსტავო აიონმა გაიმეორა, თუმცა როცა 19 წლის ევროლიგის დებიუტანტი ასეთ სტატისტიკას დებს, ეს გაცილებით მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველია.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 26:50 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში 19 წლის ქართველმა ცენტრმა 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, 4-ჯერ დაჯარამდა, 8-ჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ხოლო 2-ჯერ დაუფარეს. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. აქვე ვთქვათ, რომ 23 ქულითაც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მოხსნების რაოდენობით კი მხოლოდ იტალიელთა წევრ არტურას გუდაიტისს ჩამორჩა (12). 3 დაფარებაც გოგას გარდა სწორედ ლიტველ კალათბურთელს მოუგროვდა.

„ბუდუჩნოსტი“ კი ევროლიგაში ძალზე წარუმატებლად თამაშობს – 16 მატჩში 3 მოგების წილ 13 წაგება აქვს და ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ევორლიგის ეგიდით მონტენეგროელები 9 იანვარს, თელ-ავივში „მაკაბისთან“ ჩაატარებენ.

ბითაძის თამაშის ჰაილაითები “არმანისთან”

არმანი-ბუდუჩნოსტის ჰაილაითები