თბილისში კვირას დაწყებული “ა” ლიგის მე-5 ტური ორშაბათს კასპში დასრულდა. სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო მატჩები გაიმართა დიღომი და კასპი არენებზე. ზოგადად, ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს და თითოეული მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლებელია, 2-3 მოგებით აუტსაიდერი გუნდი გალიდერდეს და პირიქით – ლიდერი აუტსაიდერად იქცეს.
ახალციხემ “ა” ლიგა 2 მოგებით დაიწყო და 2 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი იყო. მას შემდეგ სამცხე-ჯავახეთურმა გუნდმა ზედიზედ 3 მატჩი წააგო და ცხრილის მე-4 საფეხურზე დაეშვა. ახალციხელებმა კასპში უშანსოდ წააგეს გრიფინთან, რომელიც ამ ტურამდე ცხრილის ლიდერი გახლდათ. კასპელებმა 28 ქულით – 105:77 (სტატისტიკა) მოიგეს, მაგრამ პირველი ადგილი მაინც დაკარგეს. ეს მოხდა იმის გამო, რომ დიღომში ბლექ ფორტრესმა კიდევ ერთი ლიდერი – ლიბერთი დაამარცხა.
ბლექ ფორტრესი ნათელი მაგალითია თავში ნახსენები თეზისის. გუნდმა “ა” ლიგა მარცხით დაიწყო, რის შემდეგაც მიჯრით 4 შეხვედრა მოიგო და ცხრილის სათავეში დაფუძნდა. სანამ მატჩზე მოგითხრობდეთ, ის თავისებურებას ავხსნით, რის გამოც ლიდერი იმის მიუხედავად შეიცვალა, რომ დიდი სხვაობით გაიმარჯვა.
აქამდე პირველ ადგილზე გრიფინი იყო, თუმცა მასთან ერთად ლიბერთისაც და ბლექ ფორტრესსაც 3 მოგება და 1 მარცხი ჰქონდათ. გრიფინი ამ სამ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრების ხარჯზე პირველობდა, რადგან ლიბერთი იმაზე მეტი ქულით ჰყავდა სამარცხებული, რამდენითაც ბლექ ფორტრესთან წააგო. ლიბერთის და ფორტრესს ერთმანეთში ჯერ არ ჰქონდათ ნათამაშები და მათი ჯახი სწორედ პირველი წრის ბოლო, მე-5 ტურში შედგა. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა ფორტრესელებმა ლიბერთი 83:75 (სტატისტიკა) დაამარცხეს და პირველ ადგილზე დაბრუნდნენ – რადგან გრიფინს პირადი მოგების ხარჯზე აჯობეს, ლიბერთი კი, ცხადია, ქულით ჩამოიტოვეს.
ასე და ამგვარად, “ა” ლიგის დებიუტანტმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. რეგულარული ჩემპიონატის ნახევარი ცოტა არაა საიმისოდ, რომ გუნდების რეალური ძალა შევაფასოთ და ამ ეტაპზე შეიძლება თამამად ითქვას, სუპერლიგაში გადასვლის მთავარი კანდიდატები ცხრილის მოლიდერე ტრიო – ბლექ ფორტრესი, კასპის გრიფინი და ლიბერთი არიან.
რაც შეეხება დიღომი არენაზე გამართულ მატჩს, ყველა დიდ ბრძოლას ელოდა. ლიბერთიმაც და ბლექ ფორტრესმაც რეგულარული ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს და მას შემდეგ ორივემ სამივე შეხვედრა მოიგო. თამაში ისეთი დაძაბული არ გამოვიდა, როგორსაც ელოდნენ. ბლექ ფორტრესმა პირველივე პერიოდი დიდი სხვაობით – 28:10 მოიგო და დარჩენილ დროში მეტოქე ახლოს არ გაიკარა. საბოლოოდ 8-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, რაც ბოლო წუთებში შემცირდა. მატჩის დასრულებამდე 4 წუთზე ნაკლები რჩებოდა, ფორტრესელები 20 ქულით (79:59) რომ იგებდნენ და ყველაფერი გარკვეული იყო.
სანაკრებო პაუზა “ა” ლიგის მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენს და თამაშები გრძელდება. შემდეგი ტური 20 და 21 თებერვალს გაიმართება: გრიფინი – ლიბერთი, ბლექ ფორტრესი – თელავი, ვინგსი – ახალციხე.