წარმატებით დაიწყო ნახევარფინალური სერია ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის „ოლიმპიამ“. ლიუბლიანურმა კლუბმა რეგულარული ჩემპიონატი მეორე ადგილზე ჩაამთავრა და ნახევარფინალში მესამეადგილოსან „ჰელიოსს“ ხვდება, შესაბამისად, მოედნის უპირატესობაც გააჩნია.
პირველი მატჩი ოლიმპიელებმა ლიუბლიანაში გამართეს და მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით – 74:59 დაამარცხეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰელიოსელებმა ღირსეულად იბრძოლეს და გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე 5 ქულითაც იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, მეოთხე ათწუთეული 27:7 მოიგეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს, საიდანაც უფრო მეტად ბოისას მონაგარია გამოსარჩევი. ვლადიმერმა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა, თუმცა ძალიან აქტიური იყო და მეტოქეები აიძულა, მასზე 6–ჯერ დაჯარიმებულიყვნენ. ბოისამ 9 საჯარიმო ესროლა, საიდანაც 6 გამოიყენა, ხოლო საშუალო დისტანციიდან ვოვამ 4 ცდიდან 2 ჩააგდო. მთლიანობაში ბოისას 10 ქულა მოუგროვდა, რასაც 4 მოხსნაც მოაყოლა და საკუთარ გუნდში ვლადო ილიევსკის (25) შემდეგ საერთო სარგებლიანობის საუკეთესო შედეგი (14) ჰქონდა.
გიორგი შერმადინმა მოედანზე ბოისაზე ოდნავ მეტი, 14,23 წუთი გაატარა და 1 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 2 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო სროლიდან კი 1 გამოიყენა. მომდევნო მატჩს „ოლიმპია“ „ჰელიოსთან“ დომჟალეში 26 მაისს გამართავს და თუკი გაიმარჯვებს, ფინალში გავა. არადა, სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ლიუბლიანაში 28 მაისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში „კრკამ“ 74:50 დაამარცხა „ზლატაროგი“.