ბოისა, ჰეინსი, გრინი – ვერც ერთის გუნდმა ვერ მოიგო

ბოისა, ჰეინსი, გრინი – ვერც ერთის გუნდმა ვერ მოიგო

ვლადიმერ ბოისას „პანიონიოსმა“ დასანანი მატჩი წააგო. ათენურმა გუნდმა „აგორს“ უმასპიძლა და 1 ქულის სხვაობით – 76:77 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა და მოედანი ყოველგვარი დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლის გარეშე დატოვა. ბოისამ 1 ორქულიანის აცილება და 2 პერსონალურის მიღება მოასწრო.
13 მოგებითა და 7 წაგებით „პანიონიოსი“ საბერძნეთის ჩემპიონატში კვლავ მე–4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, რომელიც 7 მარტს გაიმართება, ჩემპიონატში მონაწილეთა კენტობის გამო ბოისას გუნდი ისვენებს.

ესპანურ ლიგაში კვლავ დამარცხდა მარკიზ ჰეინსის „გრან კანარია“. კანარელებმა შინ “მანრესას” უმასპინძლეს და 63:77 წააგეს.  ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძლებს 27:49 წუთში 18 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. ჰეინსმა 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. ”გრან კანარია” 8 მოგებითა და 14 მარცხით პრიმერადივიზიონში მეთოთხმეტე ადგილზეა.
ესპანური პრიმერადივიზიონიდან თურქულ სუპერლიგაში გადასული ტორინ გრინი კვლავ ყოჩაღობს, თუმცა მისი გუნდი აგებს. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა კალათბურთელმა “ბანვითთან” 70:78 წაგებულ მატჩში მოედანზე 31 წუთი დაჰყო და მასპინძლებს 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი შესძინა. გრინმა 10-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და ამდენჯერვე დაჯარიმდა. “თოფაშს” 11 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და თურქულ სუპერლიგაში მე-8 ადგილზეა.