მიუხედავად იმისა, რომ ლიუბლიანის „ოლიმპიამ“ სლოვენიის რეგულარულ ჩემპიონატში 4 მატჩი წააგო, ქართველების გუნდმა ბოლო ტურში საკუთარი ძალა გამოაჩინა. ლიუბლიანელებმა დაუმარცხებელ ნოვო მესტოს „კრკას“ სტუმრად 80:72 მოუგეს და რეგულარული ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეს. ნოვომესტოელებმა საწყისი 13 შეხვედრა მოიგეს, მათ შორის, პირველ წრეში „ოლიმპიასთანაც“, თუმცა გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდმა ძალა მოიკრიბა და „კრკას“ დამარცხებით მთელს ქვეყანას დაანახა, რომ „ოლიმპია“ პირველობის უმთავრესი კანდიდატია.
„ოლიმპიას“ ეს თამაში რომ წაეგო, მეორე ადგილს დაკარგავდა, რადგან ბოლო ტურში ასევე 4 წაგების მქონე „ჰელიოსმა“ სტუმრად „ზლატოროგი“ დაამარცხა. ლიუბლიანელებს კი მეორე ადგილი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ნახევარფინალში „ჰელიოსთან“ მოედნის უპირატესობა ჰქონოდათ, რასაც მიაღწიეს კიდეც.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების წევრებმაც შეიტანეს. ბოისა და შერმადინი ხუთეულში არ ყოფილან, თუმცა მათი გარჯა ოლიმპიელებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. ბოისამ 22,20 წუთს ითამაშა და 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ვლადიმერმა 7–დან 5 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
შერმადინმა მოედანზე 13 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. გიორგიმ ყველა სროლა ჩააგდო: 3–დან 3 ორქულაინი და 2–დან 2 საჯარიმო.
მაშ ასე, „ოლიმპია“ ნახევარფინალშია და „ჰელიოსს“ ეთამაშება. მეორე წყვილი კი „კრკამ“ და რეგულარულში მეოთხეზე გასულმა ზლატოროგმა“ შეადგინეს. ნახევარფინალები 23 მაისიდან დაიწყება და ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს. საჩემპიონო სერიაში კი გამარჯვება სამ მოგებამდეა.