ბოისამ ხორვატიული პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო

ვლადიმერ ბოისას “ზადარმა” ხორვატიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია დამაჯერებელი გამარჯვებით (89:67) გახსნა და “ზაგრებთან” დაპირისპირებაში 1:0 დაწინაურდა.
შეხვედრაში ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, რომელიც ზადარელებმა 3 ქულის უპირატესობით (20:17) მოიგეს, შემდეგ კი მასპინძელთა დომინანტობა აშკარა გახლდათ, რაც საბოლოოდ 22-ქულიან სხვაობაში აისახა.
ბოისას “ზადარის” სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, თუმცა, მოედანზე საკმაო დრო – 22 წუთი დაჰყო და 10 ქულა, 6 პასი 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველ კალათბურთელს თითქმის ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა – ვოვამ 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე ორქულიანი ჩააგდო.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო რანჩიჩმა 19 ქულის მოგროვება მოახერხა.
23 მაისს გუნდები ზაგრებში ითამაშებენ, საჭიროების შემთხვევაში კი მე-3 მატჩს ისევ ზადარის სარბიელი ჟაზინე (ტევადობა 3000 მაყურებელი) უმასპინძლებს.
მე-2 ნახევარფინალურ სერიაში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა “ციბონამ” “სპლიტი” 102:84 დაამარცხა და ასევე 1:0 დაწინაურდა.