ბოისას 25 ქულა 24 წუთში

ვლადიმერ ბოისამ ესპანური „მენორკადან“ ხორვატულ “ზადარში” გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა – ხორვატიის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ტურში ვოვას კლუბმა სტუმრად “შიბენკა” 107:73 გაანადგურა, ბოისამ კი 24 წუთში 25 ქულა მიითვალა.
შიბენიკში გამართულ მატჩში ზადარელთა თავკაცმა ზმაგო საგადინმა ვლადიმერი სასტარტო ხუთეულში ათამაშა და ქართველმა კალათბურთელმაც მწვრთნელს ნდობა სრულად გაუმართლა.
ბოისამ 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ვოვამ 25 ქულას 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მეტოქეები კი მასზე 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველმა კალათბურთელმა თავად 3 ფოლი მიიღო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ კი მას დაუფარეს.
მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, რომელიც სტუმრებმა სამი ქულის სხვაობით მოიგეს, მეორე ათწუთეულში კი ზადარელებმა “შიბენკა” 33:18 გაანადგურეს და შეხვედრის ბედიც გადაწყდა.
“ზადარს” რეგულარულ პირველობაზე 12 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და მხოლოდ “ციბონას” ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა დასკვნით ტურში “ზაგრებს” 85:81 სძლია და ჩემპიონატი ერთადერთი მარცხით დაასრულა, რომელიც სწორედ “ზადართან” განიცადა.
ბოისა და მისი თანაგუნდელები პირველობისთვის ბრძოლას ფლეი-ოფში გააგრძელებენ.
 

ბურთითაა ვლადიმერ ბოისა