გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას “ოლიმპიამ” ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა. ამაზე სასიამოვნო ისაა, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა შესანიშნავად ითამაშეს. ორივე ჩვენებური ხუთეულში იყო და მათ ლიუბლიანელთა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანეს.
სლოვენიურმა კლუბმა შინაურ კედლებში სერბულ “რადნიჩკის” საკმაოდ იოლად – 92:65 დაამარცხა. ლიუბლიანელებმა მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგეს და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებიათ.
პირველად მოხდა, რომ “ოლიმპიას” სასტარტო ხუთეულში ერთბაშად 2 ქართველი იყო. ბოისამ 14:15 წუთს ითამაშა და 11 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით, მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ბოისას არც ერთი სროლა არ აუცელია. მან ოთხივე ორქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო. ბოისას 3 მოხსნა და 2 პასიც ჰქონდა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.
შერმადინს რადნიჩკელი დანილო მიიატოვიჩი მეურვეობს
ჩინებულად გაისარჯა შერმადინიც, რომელმაც ოც წუთში 7 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ლიუბლიანელებმა ლიგის 26 მატჩში 17 მატჩი მოიგეს და მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ სერბულ “პარტიზანს” (18 მოგება) ჩამორჩნენ. ლიუბლიანური და ბელგრადული კლუბების გარდა, დასკვნით ეტაპზე კიდევ ერთმა სლოვენიურმა გუნდმა “კრკამ” და ჩერნოგორიულმა “ბუდიჩნოსტმა” გააღწიეს. ოთხთა ფინალს 19-21 აპრილს “ოლიმპიას” დარბაზი “სტოჟიცე” უმასპინძლებს.