ბოლო წამების დრამა “რუსთავის” სასარგებლოდ დასრულდა

ბოლო წამების დრამა “რუსთავის” სასარგებლოდ დასრულდა

საფინალო სირენამდე 15 წამია. „ჰიუნდაი“ „რუსთავს“ უტევს. ირაკლი ჩერქეზიშვილს სირენამდე 4 წამით ადრე
მასპინძლები უფარებენ. დარჩენილ დროში რუსთაველები გამარჯვების ბურთს აგდებენ.

ასე დრამატულად დასრულდა რუსთავული „ენერჯი–ინვესტისა“ და „ჰიუნდაის“ პირველი
ფინალური მატჩი. შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო,
ბოლო წამებამდე ვერ გაიგებდი, ვინ მოიგებდა. ორივე გუნდი უშეღავათოდ და
თავდაუზოგავად იბრძოდა. ხან ერთი გუნდი იყო მცირედით წინ, ხან მეორე.

რუსთველებს
მესამე მეოთხედში ზურაბ მაჭავარიანი გაუვარდათ, ხოლო ბოლო მეოთხედის შუაწელში
რევაზ ჩაჩნიძემაც მე–5 პერსონალური მიიღო. ჰიუნდაელებს კი ტანმაღალი გიორგი
ფერიაშვილი გამოაკლდათ ბოლო მეოთხედში. ისე გამოვიდა, რომ ამ დანაკლისებით
რუსთველებს წინა ხაზში აღმოაჩნდათ უპირატესობა, ხოლო ჰიუნდაელებს – უკანა ხაზში.
ანუ ბალანსი არ დარღვეულა და ეს თამაშის მსვლელობამაც გამოაჩინა. მასპინძლებს
ძირითადად მაღლები (აკაკი დვალიშილი, ბაჩო გუგავა) ჰმატებდნენ ქულებს, ხოლო
„ჰიუნდაის“ – უკანახაზელები (სანაძე, ჩერქეზიშვილი, გურაბანიძე).

ბოლო
წუთებზე ნამდვილი დრამა დატრიალდა. 81:81 იყო ანგარიში, როცა ორმხივი შეცდომების
შემდეგ ბურთი თბილისელებმა მოიპოვეს და სირენამდე 30 წამით ადრე დუდა სანაძემ ახლო
მანძილიდან ჰიუნდაელები 83:81 დააწინაურა. რუსათველებმა მალევე გაუკეთეს
ორგანიზება შეტევას და მათმა ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა ანგარიში დასრულებამდე 15
წამით ადრე გაათანაბრა.

„ჰიუნდაის“ შეცდომა ის იყო, რომ მეტოქეს ფარისთვის მანამ არ უნდა
შეეტიათ, სანამ დასრულებამდე მაქსიმალურად ცოტა დრო არ დარჩებოდა. ამის
საპირისპიროდ, ირაკლი ჩერქეზიშვილი ფარქვეშ შეიჭრა და საფინალო სირენამდე 4 წამით
ადრე მეტოქის ფარს შეუტია. მის ნასროლს ბაჩო გუგავა გადაეღობა და დააფარა, ბურთი რუსთაველმა
ლაშა მებურიშვილმა მოიხელთა, თავი ასწია, შეტევაში გაქცეული ლევან ხმელიძეს გრძელი
პასი დააწია და ამ უკანასკნელმა ზედ საფინალო სირენის გაჟღერებამდე გამარჯვების
ბურთი ჩააგდო.

თბილისელებს 0,8 წამი დარჩათ შესატევად, მაგრამ ამ დროში, აბა, რა
უნდა მოეხერხებინათ და ვერც მოახერხეს.

გამარჯვებულებს ულიდერა აკაკი დვალიშვილმა, რომელიც ფაქტობრივად
შეუჩერებელი იყო და 35 ქულასთან ერთად 22 მოხსნა (12 მეტოქის ფარზე) მოიპოვა. მის
გარდა რუსთაველთაგან ათქულიან ზღვარს ლევან ხმელიძე გადასცდა – 17 ქულა.

რაც შეეხებათ წაგებულებს, “ჰიუნდაიში“ 32 ქულით დუდა სანაძე გამოირჩა.

ფინალური
სერიის მომდევნო შეხვედრა 17 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18 საათზე
გაიმართება. თუკი რუსთაველები კვლავ იმარჯვებენ, ჩემნპიონები გახდებიან, არადა,
მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ისევ რუსთავში გაიმართება.
სტატისტიკა: http://u-20.ge/playoff/09-10/result/173

ფოტოგალერეა: http://u-20.ge/gallery.php?cat=3&alb=528&img=443