“ბოსტონის“ სადრაფტო შანსი: ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია

“ბოსტონის“ სადრაფტო შანსი: ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია

ახლოვდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი. 28 ივნისს ნიუ ჯერსიში ნბა–ს გუნდები ნიჭიერი ახალგაზრდებით შეივსებიან და სავარაუდოდ, თორნიკე შენგელიასაც გამოუჩნდება გუნდი, რომელიც ქართველ კალათბურთელზე უფლებებს მოიპოვებს.
 
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გუნდი აიყვანს შენგელიას. ამას უშუალოდ 28 ივნისის დრაფტისას გავიგებთ, მანამდე კი ამერიკული ინტერნეტ–გამოცემები ნაირგვარ ვარაუდებს გამოთქვამენ. უახლესი ინფორმაციით, შენგელიათი დაინტერესება „ბოსტონ სელტიქსმა“ გამოთქვა, რომელსაც წლევანდელ დრაფტზე სამი არჩევანის უფლება აქვს: პირველ რაუნდში 21–ე და 22–ე და მეორე რაუნდში, 51–ე.
 
ბოსტონური კლუბის პროფილის რადიოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა წერილი სათაურით: „ბოსტონის“ სადრაფტო შანსი: ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია. სტატიაში ქართველი ფორვარდის შესაძლებლობები ზედმიწევნითაა დახასიათებული. გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას:
 
„შენგელიას ულევი ენერგია გააჩნია. მას ერთნაირად წარმატებით შეუძლია როგორც შეტევაში, ისე დაცვაში თამაში. მიუხედავად იმისა, რომ 207 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ბურთს მშვენივრად ფლობს და ძლიერი ფეხების დახმარებით მიმართულების მყისიერი ცვლილებაც ძალუძს. შენგელია ჩინებული მომხსნელია და პასის ალღოც გააჩნია“.
 
„შენგელია გაბარიტებში ძალიან სოლიდურია. შეუძლია თავი მშვენივრად გაართვას მსუბუქ და მძიმე ფორვარდების პოზიციებზე თამაშს. გამორჩეული სისწრაფე მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. პლუს ამას, ის ფარქვეშაც მარჯვეა. მსოფლიოს ერთ–ერთ უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში – ევროლიგაში – შენგელია საშუალოდ (40 წუთში) 9,2 მოხსნას აგროვებდა“.
 
ვებ–გვერდის ცნობით, შენგელიას მინუსად სუსტი შორი სროლა შეიძლება ჩაითვალოს. „მას მართებს შორი სროლის გამოსწორება, რის შემდეგაც საკმაოდ წონიანი მოთამაშე იქნება“.
 
 შენგელია ამჟამად ამერიკაში იმყოფება. თორნიკე ზაზა ფაჩულიას შეხვდა და მისი 27–ნომრიანი მაისურით „ატლანტა ჰოუქსის“ დარბაზში ინდივიდუალურადაც ივარჯიშა.
 
დაველოდოთ 28 ივნისის ღამეს, როცა შენგელიას სავარაუდოდ ნბა–ს რომელიმე კლუბი აიყვანს. დრაფტზე არჩვის შემდეგ შენგელიას არანაკლები ძალისხმევა მოუწევს, ამრჩევი კლუბისგან კონტრაქტი რომ დაიმსახუროს და ნბა–ში მომავალი სეზონიდანვე გადაბარგდეს.
 

შენგელიამ ზაზა ფაჩულიას 27–ნომრიანი მაისურით
„ატლანტა ჰოუქსის“ დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა.