ბრუკლინი იგებს, შენგელია – ისვენებს

ტრავმირებულმა თორნიკე შენგელიამ მორიგი მატჩი გამოტოვა. მისმა „ბრუკლინ ნეთსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ შენგელია კვლავ განაცხადს მიღმა იყო. ნბა-ს განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ ეს მეორე მატჩია, რაც შენგელია განაცხადში ტრავმის გამო არ შეჰყავთ.
 
ტრავმა რომ არა, ისეთი დაძაბული თამაში იყო, შენგელიას თამაშის ალბათობა მაინც ნაკლები გახლდათ. მწვრთნელმა 3 მარქაფი – მირზა ტელეტოვიჩი, ჯერი სტეკჰაუსი და თორნიკესთან ერთად განვითარების ლიგიდან მობრუნებული ტაიშონ ტეილორი მოედანზე არ გაიყვანა. რაც შეეხება მატჩს, ბრუკლინელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში უშუალო მეტოქე, მათი ზომა-წონის „ჩიკაგო“ დაამარცხეს. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ბრუკლინელები 4 ქულით აგებდნენ, თუმცა კარგი თამაშის შემდეგ 4 ქულით გაიმარჯვეს – 93:89.
 
ამ გამარჯვებით „ბრუკლინმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაის მესამე საფეხურზე მყოფ  „ჩიკაგოსთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მომდევნო მატჩში, 5 თებერვალს, „ბრუკლინი“ „ლეიკერსს“ უმასპინძლებს.