ბრუკლინის ზედიზედ მე-6 გამარჯვებაში შენგელია პასიური იყო

ბრუკლინის ზედიზედ მე-6 გამარჯვებაში შენგელია პასიური იყო

თორნიკე შენგელიას გუნდმა ნბა-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში ზაზა ფაჩულიას „ატლანტას“ გადაასწრო. „ბრუკლინ ნეთსმა“ დღეს, გამთენიისას ერთ-ერთი კონკურენტი „ინდიანა“ დაამარცხა, სამწუხარო კი ისაა, რომ ქართველ ფორვარდს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
 

 
„ინდიანას“ ბოლო 4 მატჩი მოგებული ჰქონდა, მთლიანობაში კი 23 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იყო. ინდიანელები მესამე მეოთხედის შუაში 12 ქულით ამარცხებდნენ ბრუკლინელებს, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა დიდებულად ითამაშეს და ბოლო მეოთხედის 28:11 მოგების შემდეგ მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს – 97:86.
 
თორნიკე შენგელია განაცხადში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, თამაშში მონაწილეობაც არ მიუღია. მწვრთნელს მოედანზე არ გაუყვანია მირზა ტელეტოვიჩი და „ბრუკლინში“ 2 დღის წინ 10-დღიანი კონტრაქტით მისული დამიონ ჯეიმსი. 22 ქულითა და 9 პასით გამარჯვებულებს დერონ უილიამა ულიდერა, ჯო ჯონსონია ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
 
ამ გამარჯვების შემდეგ ბრუკლინელებმა ზაზა ფაჩულიას „ატლანტას“ გადაასწრეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-4 ადგილზე განთავსდნენ. მესამეზე კვლავ „ინდიანა“ რჩება, რომელსაც ბრუკლინელებზე 1 გამარჯვებით მეტი აქვს მოპოვებული. მომდევნო მატჩში, 15 იანვარს შენგელიას გუნდი შინ „ტორონტოს“ დაუპირისპირდება.