ბრუკლინმა ბოსტონს მოუგო და აღმოსავლეთში ლიდერთა შორისაა

ბრუკლინმა ბოსტონს მოუგო და აღმოსავლეთში ლიდერთა შორისაა

„ბრუკლინ ნეთსის“ მორიგი გამარჯვება. თორნიკე შენგელიას გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ–ერთი ფავოროტი „ბოსტონი“ დაძაბულ ბრძოლაში – 102:97 დაამარცხა. ბოლო მეოთხედის წინ ბრუკლინელები 5 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა საკუთარი გულშემატკივრების გასახარად გადამწყვეტი პერიოდი 28:18 მოიგეს და სეზონში მე–6 გამარჯვება მიითვალეს.
სამწუხაროდ, არ უთამაშია თორნიკე შენგელიას. პირველად მოხდა, რომ ქართველი ფორვარდი ბრუკლინელთა განაცხადში არააქტიური იყო. შენგელია სათადარიგოთა სკამზე კი იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე გასვლის უფლება არ ჰქონდა. ასეთი უფლება ჰქონდათ ბრუკლინელთა ახალბედებს – მირზა ტელეტოვიჩსა და ტაიშონ ტეილორს, რომლებსაც თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ბრუკლინელთა შორის საუკეთესო ბრუკ ლოპესი იყო, რომელმაც 24 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება მოინაგრა. 24 ქულა ჰქონდა დერონ უილიამსსაც. ამ გამარჯვებით „ნეთსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში „მილუოკისთან“ ერთად მეორე ადგილზე განთავსდა. ორივე გუნდს 5 მოგება და 2 მარცხი აქვს. პირველზე 6 მატჩში დაუმარცხებელი „ნიუ იორკია“.
მომდევნო მატჩს „ბრუკლინი“ საკრამენტოში 18 ნოემბერს გამართავს. სწორედ საკრამენტოში ითამაშებს ხვალ, გამთენიისას ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“.