ბულგარეთმა ახალი ამერიკელი შეიმატა და ძველიც გამოიძახა

ბულგარეთმა ახალი ამერიკელი შეიმატა და ძველიც გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრების დარად, ბულგარელებიც 2 ნატურალიზებული ამერიკელით მოემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის. სლავთა დამრიგებელმა როსენ ბარჩევსკიმ ახალი ამერიკელი შეარჩია: 25 წლისა 206 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრი სედრიკ სიმონსი. რაც შეეხება მეორე ოკეანგაღმელს, მწვრთნელმა ორ უკანახაზელს შორის არჩევანი უკვე გააკეთა: იბრაჰიმ ჯააბერს ერლ როულანდი ამჯობინა, რომელიც 2009 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბულგარელთა ბომბარდირი იყო.
 

სედრიკ სიმონსის დაფარებას დუეინ ვეიდი ცდილობს
 
სიმონსმა გასული სეზონი ბერძნულ „კავალაში“ გაატარა და მატჩში საშუალოდ 12 ქულას, 10 მოხსნას და 1,8 დაფარებას აკეთებდა. 2008–09 წლებში სიმონსი ნბა–ში, „ჩიკაგო ბულსსა“ და „საკრამენტო კინგსში“ გამოდიოდა, შემდეგი სეზონი კი „ნიუ ორლეანსა“ და „კლივლენდში“ გაატარა.
 
ორივე ამერიკელი ბულგარელთა დღეს დასაწყებ შეკრებაზე გამოცხადდება და ნაკრებთან ერთად შეკრებას გაივლის. ხოლო ის, თუ რომელი ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, მოგვიანებით გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთი ევრობასკეტზე საქართველოს ჯგუფშია და მათ შორის მატჩი 5 სექტემბერს, კლაიპედაში გაიმართება.
 

ერლ როულანდი