ბულგარეთში ნატურალიზებულ პრისტ ლოდერდეილზე ალაპარაკდნენ

ბულგარეთში ნატურალიზებულ პრისტ ლოდერდეილზე ალაპარაკდნენ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეთაგან ყველაზე მეტი ნატურალიზებული ამერიკელი ბულგარეთის ნაკრებს ჰყავს. ბულგარელები წლების მანძილზე ნატურალიზებას უკეთებდნენ სხვადასხვა ოკეანგაღმელ მოთამაშეებს და არჩევანიც ყოველთვის საკმარისად ჰქონდათ. გასულ შესარჩევ ციკლში სლავთა ნაკრების ღირსება ერლ კალოუეიმ დაიცვა, თუმც ამას წინათ ბულგარეთის ნაკრების თავკაცმა, როსენ ბარჩევსკიმ განაცხადა, რომელ უცხოელს ვათამაშებთ, ჯერ არ ვიცით, შესაძლოა, ნატურალიზება სულ სხვა ამერიკელს გავუკეთოთო.
 
ამ დღეებში ბულგარულ ვებ-გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი შანსია, ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთის ნაკრების ღირსება ამერიკელმა გიგანტმა, პრისტ ლოდერდეილმა დაიცვას. 222-სანტიმერტიანი ცენტრი საკმაოდ ხნიერია და ევროპის ჩემპიონატის დაწყების დღეს (31 აგვისტოს) 38 წლის ხდება. მან ბულგარეთის მოქალაქეობა 2004 წელს მიიღო, მაგრამ ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში არ უთამაშია, რისი მიზეზიც კალათბურთის ფედერაციის მესვეურებთან ფინანსურ საკითხებზე წამოჭრილი უთანხმოება იყო.
 

პრისტ ლოდერდეილი
 
ლოდერდეილი ამჟამად ბულგარულ “ლევსკიში” თამაშობს და მატჩში საშუალოდ 19 ქულას, 7,3 მოხსნას და 2,2 პასს აგროვებს. მას საკმაოდ ვრცელი საკარიერო დოსიე აქვს. ლოდერდეილი 1996 წლის დრაფტზე “ატლანტა ჰოუქსმა” 27-ე ნომრად აიყვანა, თუმც მანამდე, 1995-96 წლების სეზონში, მან ბერძნულ “პერისტერიში” მოასწრო თამაში. 1996-1998 წლებში პრისტმა 2 სეზონი (ატლანტაში და დენვერში) ნბა-ში გაატარა, რის შემდეგაც მისი მოგზაურობა დაიწყო. ლოდერდეილი კვიპროსში გადაბარგდა, რის შემდეგაც 2002-2006 წლებში ბულგარულ “აკადემიკში” თამაშობდა. მან შემოიარა ირანი, ჩინეთი, საუდის არაბეთი და ისევ ბულგარეთს დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშეცაა.
 
ბულგარელები ლოდერდეილზე რომ სერიოზულად ფიქრობენ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როსენ ბარჩევსკის განცხადებიდანაც ჩანს: “პრისტ ლოდერდეილთან კონკრეტულად ნაკრების თამაშზე არ მისაუბრია, ჩვენ ეს საკითხი სეზონის დასრულებისთვის გადავდეთ. მისი კანდიდატურა განიხილება. კარგია, რომ პრისტმა ბულგარეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. მისთვის ახლა მთავარია, რომ ჯანმრთელად იყოს, კარგად ითამაშოს და გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ”.