ბულგარული კალათბურთის ტრაგედია:

ბულგარული კალათბურთის ტრაგედია:

ტრაგედია დატრიალდა ბულგარულ კალათბურთში. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქე ბულგარეთის საკალათბურთო სამყაროს 2 ღვაწლმოსილი მოღვაწე გამოაკლდა. 30 მარტის საღამოს მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა ბულგარეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხაილ მიხოვი. ამავე დღეს გარდაიცვალა ბულგრეთის კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელ მუშაკი, 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი კალათბურთელი ქალი, კრასიმირა გუროვა.
გუროვა ხანგრძლივმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა. ის 57 წლის იყო. რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტ მიხოვს, იგი 47 წლის იყო და კარდიოლოგიური შეტევის შემდეგ ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

ბულგარული კალათბურთი: ნათელი და სანთელი მიხაილ მიხოვს
“მისი მთელი შეგნებული ცხოვრება კალათბურთს უკავშირდებოდა – ნათქვამია პრეზიდენტ მიხოვის შესახებ ბულგარეთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში – ბატონი მიხაილი იყო ლამაზი კალათბურთის მოტრფიალე. მან სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის გაიღო ყველაფერი – დრო, ფინანსები, ჯანმრთელობა”.
“ეს დიდი უბედურებაა მთლიანი ევროპული კალათბურთისთვის – განაცხადა ბულგარეთის ფედერაციისადმი მიწერილ სამძიმრის წერილში ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა ნარ ზანოლინმა – პრეზიდენტი ოლაფურ რაფნსონი, მე, ფიბა-ევროპის მთელი ხელმძღვანელობა და სრულიად ევროპის საკალათბურთო საზოგადოება წუხს მომხდარის შესახებ. ბატონი მიხაილ მიხოვი და ქალბატონი კრასიმირა გუროვა დიდი დანაკლისია ყველასთვის”.
შეგახსენებთ, რომ მიხაილ მიხოვი გასული წლის 27-28 აგვისტოს თბილისში იმყოფებოდა. ის ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს ჩამოჰყვა და აქაურებს თავისი ექსტრავაგანტულობით დაამახსოვრა თავი. მიხოვს თანამედროვედ ეცვა და ეწეოდა სიგარას, ხოლო როცა ბულგარეთის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩის წინა დღეს სპორტის სასახლეში ივარჯიშა, მიხოვი მოედანზეც შევიდა და რამდენჯერმა კალათში ბურთიც სტყორცნა.