ბურჯანაძე ევროთასის ფინალშია: ნახევარფინალში 17 წლის ქართველი მოედანზე გავიდა

ბურჯანაძე ევროთასის ფინალშია: ნახევარფინალში 17 წლის ქართველი მოედანზე გავიდა

სანამ ტრევიზოში, ევროთასის ოთხთა ფინალზე გაემგზავრებოდა, ბექა ბურჯანაძემ ჩვენს ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, იმითაც კმაყოფილი ვარ, „კახასოლის“ განაცხადში რომ ვხვდებიო. მას მიმდინარე სეზონში „კახასოლის“ ძირითად გუნდში მხოლოდ ერთ მატჩში – 35 წამით მოუწია მოედანზე გასვლა. მეორედ ბექას წუხელ, ევროთასის ნახევარფინალურ მატჩში მიეცა შანსი. მართალია, 17 წლის ქართველი მოედანზე მხოლოდ 5 წამით გავიდა, თუმცა ეს მისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველს უფრო და უფრო მეტ ნდობას უცხადებს.
 
რაც მთავარია, „კახასოლმა“ გაიმარჯვა და ევროლიგის შემდეგ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა. თანაც, სევილიელებმა ოთხთა ფინალის მასპინძელი „ბენეტონი“ თავისსავე ქომაგების თვალწინ დაამარცხეს. „კახასოლმა“ პირველი მეოთხედი 22:16 მოიგო და დაახლოებით ამ სიდიდის უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა. საბოლოოდ სევილიელებმა შეხვედრა 75:63 მოიგეს და ევროთასისთვის ფინალურ მატჩში მეორე ნახევარფინალში ხორვატიული „ცედევიტას“ დამმარცხებელ ყაზანის „უნიკსს“ შეხვდებიან.
 
ბურჯანაძის გუნდში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი ტარიქ კირკსაი გახდა 16 ქულით, ხოლო „კახასოლის“კიდევ ერთმა ამერიკელმა, ერლ კალოუეიმ, რომელსაც ბულგარეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული და გასულ აგვისტოში ევროშესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა, ამ შეხვედრაში 9 წუთით გამოჩნდა მოედანზე და სევილიელებს მხოლოდ 1 ქულით შეეწია.
 
ფინალური მატჩი „კახასოლსა“ და „უნიკსს“ შორის ტრევიზოში დღეს, 17 აპრილს, თბილისის  დროით ღამის 12-ის ნახევარზე დაიწყება.