ბექა ბურჯანაძე მაგარ ფორმაშია და ესპანეთის ლიგაში შედეგიან თამაშს აგრძელებს. ქართველი ფორვარდის შედეგიანობასთან ერთად მისი გუნდი “ლეიმა კორუნაც” იგებს და Leb Oro-დან უმაღლეს – Liga Endesa-ში ანაცვლებისთვის იბრძვის. კორუნელებმა მე-19 ტურში მნიშვნელოვანი გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს. ბურჯანაძის წინამძღოლობით ლეიმა კორუნამ “ლეიდა” დაძაბულ ბრძოლაში – 85:83 დაამარცხა.
ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე ყველა სასტარტოზე მეტხანს – 29 წუთს დაჰყო და ყველაზე შედეგიანი იყო. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ქართველმა ფორვარდმა 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 22 შეადგინა, რაც კორუნელთა შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო და ქართველი ფორვარდიც მატჩის MVP გახდა.
ლეიმა კორუნას 15 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და ესპანეთის რანგით მე-2 ლიგას ლიდერობს. შემდეგ ტურში, 11 თებერვალს, ბურჯანაძის გუნდი შარშან ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მყოფ სან პაბლო ბურგოსს უმასპინძლებს.