ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნა” ესპანეთის უმაღლესი ლიგის ზღვარზეა. 1 მატჩიც და წარმატების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კლუბი ლიგა ენდესაში აღზევდება. გუნდი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ფორვარდია, ესპანეთის რანგით მეორე ლიგას – LEB Oro-ს ლიდერობს და დარჩენილ 1 ტურში პირველი ადგილის შენარჩუნება მართებს, უმაღლესი ლიგის საგზური პირდაპირი გზით რომ მოიპოვოს.
ბოლოსწინა ტურში “ლეიმა კორუნამ” “კასტელოს” უმასპინძლა და 95:82 რომ დაამარცხა, მნიშვნელოვან წილად ბურჯანაძის დამსახურებაა. ქართველი ფორვარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ბექა შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლო ტურში, 10 მაისს, “ლეიმა კორუნა” სტუმრად მე-15 ადგილზე მყოფ “მელილას” ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს, რითაც უმაღლესის საგზურს მოიპოვებს. ისე კი, თუკი მდევარმა ბურგოსმა წააგო, ბურჯანაძის გუნდი წაგების შემთხვევაშიც პირველ ადგილზე გავა. ორივე გუნდი თამაშს ერთდროულად, თბილისი დროით 10 მაისის ღამის 12:00 საათზე დაიწყებს.