ბურჯანაძის 19 ქულა და მეორე გამარჯვება ესპანეთში

ბურჯანაძის 19 ქულა და მეორე გამარჯვება ესპანეთში

ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატში თავი ისახელა. ტრავმის მორჩენის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა პირველად ითამაშა გამორჩეული შედეგიანობით და მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. სანსებასტიანურმა “დელტეკომ” “სან პაბლოს” უმასპინძლა და 92:83 დაამარცხა, რაც მიმდინარე სეზონში ამ გუნდის მეორე გამარჯვებაა. 

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:19 წუთში 19 ქულა და 6 მოხსნა (3 შეტევაში) მიითვალა. ბექამ 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ალბერტო კორბაჩოს ჩამორჩა, რომელმაც 11-დან 8 სამქულიანი გამოიყენა და 25 ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება სანაძეს, მან მოედანზე 08:57 წუთი გაატარა და 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი და სამქულიანი გამოიყენა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

“გიპუზკოა ბასკეტს” 2 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, თუმცა კი, უკვე ოთხ მეტოქეს წამოეწია.

ქართველ კალათბურთელთა გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს, სტუმრად, მადრიდის “რეალთან” გამართავს.