ბურჯანაძის “კახასოლი” ევროთასს ვერ შესწვდა

ბურჯანაძის “კახასოლი” ევროთასს ვერ შესწვდა

ბექა ბურჯანაძე უტიტულოდ დარჩა. მისმა „კახასოლმა“ ევროთასის ნახევარფინალში ოთხთა ფინალის მასპინძელი „ბენეტონის“ დამარცხების შემდეგ ფინალი უხეიროდ ჩაატარა. შესაბამისად, ტიტული ფინალის მონაწილე ყაზანის „უნიკსს“ დარჩა, რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრა „კახასოლს“ 92:77 მოუგო.
 
მატჩის ბედი თითქმის პირველსავე მეოთხედში გაირკვა, რომელიც რუსულმა (ტატარსტანულმა) გუნდმა 32:16 მოიგო. მართალია, მომდევნო 2 მეოთხედში სევილიელებმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს, თუმცა საბოლოო წარმატებისთვის მათ ძალები არ ეყოთ.
 
17 წლის ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გასულა. მისიანთაგან საუკეთესოები 15–15 ქულით ლუის ბალოკი და ხემი ურტასანი გახდნენ. „უნიკსში“ მხოლოდ 5 რუსია, რომელთაგან ორს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათგან საუკეთესოდ კი იგორ ვერემეენკო გაისარჯა, რომელმაც 34 წუთში 6 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ყაზანელთაგან საუკეთესო კი პოლონელი მაციე ლამპე გახდა 26 ქულით, ხორვატმა მარკო პოპოვიჩმა კი 18 ქულა დააგროვა, ისევე როგორც ამერიკელმა კელი მაკარტიმ.