ბექა ბურჯანაძის მორიგი წარმატებული მატჩი და „ლეიმა ბასკეტის“ ზედიზედ მე-5 გამარჯვება ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში. ლაკორუნელებმა მორიგი, 25 ტურის შეხვედრა სტუმრად „კოკინასთან“ გამართეს და ქართველი კალათბურთელის წინამძღოლობით 77:71 მოიგეს.
ბურჯანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ფორვარდმა 13-დან 7 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ მთლიანობაში 18 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველ ლეგიონერთან ერთად გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ლიტველმა გედიმინას ზილემ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა.
ზედიზედ მე-5 მოგების შემდეგ ლაკორუნიული „ლეიმა ბასკეტი“ ცხრილში მიმდინარე სეზონში სარეკორდო მე-4 ადგილამდე აღზევდა. ბურჯანაძის გუნდს, რომელსაც 14 მოგების წილ 11 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს 19 მარტს, ლა კორუნიაში „ოვიედოსთან“ გამართავს.