ჩაჩანიძე სამიანებს ხუთიანზე ესვრის

ჩაჩანიძე სამიანებს ხუთიანზე ესვრის

რუსთაველი რევაზ ჩაჩანიძე აღარ ხუმრობს. ქვემოქართლელთა მე–10 ნომერმა
წინა მატჩში „სამედიცინოს“ 10 სამქულიანი ჩაუგდო, ხოლო ამ საღამოს „მაკაბისთან“ ეს
შთამბეჭდავი შედეგი ერთით გააუმჯობესა.

ჩაჩანიძემ მაკაბელთა განადგურებაში ლომის წილი დაიდო. მან 11
სამქულიანი მიითვალა 25 ცდიდან, რასაც 2 ორიანი 1 საჯარიმოც მოაყოლა და საბოლოოდ
38 ქულა მოინაგრა. ეს მატჩი დაძაბულობის მხრივ ვერაფრით გამოირჩა, რადგან ტურნირის
მოქმედმა ჩემპიონებმა უკვე პირველ ტაიმში მოუთავეს საქმე თბილისელებს. რამაზ
გოგობერიშვილის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 70:27 იგებდა და მატჩს ფორმალური
ჩამთავრებაღა აკლდა, რაკი რუსთაველების გამარჯვება ცხადზე უცხადესი იყო.

რუსთაველებმა პირველ ტურში შინ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ 2
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – წინა კვირაში „სამედიცინოსთან“ და ახლა „მაკაბისთან“.

თუ მეტი არა, ჩაჩანიძეზე არანაკლები სტატისტიკა ჰქონდა „ჰიუნდაის“
ფორვარდ ვასილ ბერუაშვილს, რომელმაც ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდს „სოხუმი“
დაამარცხებინა. ბერუაშვილმა უნივერსალიზმი გამოიჩინა. ქულები ხომ აგროვა და აგროვა
(35), ამასთან ერთად 8 მოხსნა, 7 პასი და 9(!) ჩაჭრა ჰქონდა. ამ ყველაფრის
შეგროვებას ბერუაშვილმა 30 წუთი მოანდომა, თანაც ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

„ჰიუნდაიმ“ იოლად დაამარცხა „სოხუმი“ და 20–წლამდელთა ჩემპიონატში
ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩება.დღის მესამე მატჩს საკმაოდ დიდი მუხტი ახლდა –
დავით თორთლაძის „დინამო“ სერგო იშხნელის „სამედიცინოს“ ეთამაშებოდა. პირველ
მეოთხედში მაყურებელმა ბრძოლა იხილა. მედიკოსებმა მცირედით – 18:14 იმარჯვეს,
თუმცა მერაბ  ბოქოლიშვილის აქტიურობას
იშხნელის გუნდის წინ გაჭრა მოჰყვა და ლიდერობაც ბოლომდე შეინარჩუნეს მედიკოსებმა.