ჩემპიონატის საჭესთან “ჰიუნდაი” ზის

ჩემპიონატის საჭესთან “ჰიუნდაი” ზის

ერთადერთი დაუმარცხებელ გუნდად „ჰიუნდაი“ რჩება, რომელმაც მორიგ ტურში
აუტსაიდერი სტუ დაამარცხა. იმარჯვეს სხვა ფავორიტებმაც: „დინამომ“ „მაკაბს“ არ
დაუტოვა შანსი, ხოლო „ქუთაისმა“ „სოხუმი“ დაამწუხრა.

სოხუმელებს მთავარი ლიდერი ბექა ჩიკვილაძე გამოაკლდათ, რომელიც
ესპანეთში წავიდა, ხოლო მეორე გამორჩეული მოთამაშე – გიგა კვეტენაძე ტრავმირებულია
და ამიტომაც არავისთვის იყო გასაკვირი, რომ ქუთაისელებმა იმარჯვეს. იმერლებს არ
ჰყავთ ცუდი გუნდი, მზარდი ახალგაზრდებით არიან დაკომპლექტებულნი და დასუსტებული „სოხუმის“
დამარცხების შანსი ხელიდან არც გაუშვიათ.

იმერლები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, ხან მცირედით,
ხანაც მათი უპირატესობა ათ ქულამდე ადიოდა, „სოხუმი“ კი მუდამ მდევრის როლში იყო
და თამაშის ბოლომდე ვერ მოახერხა წამოწევა. ავთო ლომინაშვილმა და მისმა
თანაგუნდელებმა სოხუმელებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ქუთათურებში ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეასრულა ორმაგი დუბლი. რომან
ტუკვაძე: 20 ქულა, 11 მოხსნა, არჩილ გელაშვილი –10 ქულა, 11 მოხსნა, ხოლო
ლომინაშვილმა 20 ქულას და 11 მოხსნას 4 ჩაჭრა და 5 დაფარებაც მოაყოლა. მართალია,
მოხსნების საერთო ოდენობაში სოხუმელებმა 2–ით აჯობეს იმერლებს, მაგრამ რაც
მთავარია: ბურთის კალათში მოთავსება – ამაში უპირატესობა ქუთაისელების მხარეს იყო
და საბოლოოდ გამარჯვებაც სტუმრებმა წაიღეს.

დანარჩენ მატჩებში საინტერესო და დაძაბული ნაკლები იყო. როგორც თავში
ვთქვით, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ჰიუნდაიმ“ შანსი არ დაუტოვა არჩილ ცინცაძის
გაწვრთნილ სტუ–ს. ჰიუნდაელთა მწვრთნელმა ბოლომდე გამოიყენა თავისი გუნდის რესურსი
და ყველა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის შანსი. მოედანზე გავიდა ყველა სტუ–ელი სათადარიგოც,
მაგრამ ჩერქეზიშვილმა სათამაშო დრო უფრო თანაბრად გადაანაწილა სათადარიგოებზე და
ამიტომაც იყო, რომ გამორჩეულად მაღალი შედეგი „ჰიუნდაიში“ არ ყოფილა. ბომბარდირი
ისევ დუდა სანაძე გახდა, რომელმაც გამარჯვებულებს 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 1
2 პასი შესძინა.

რაც შეეხება „მაკაბის“ და „დინამოს“ დაპირისპირებას, აქაც ერთ გუნდს
გამოსდიოდა ყველაფერი – დავით თორთლაძის შეგირდებმა თითქმის ყველა კომპონენტში
აჯობეს მაკაბელებს და საბოლოოდ დიდი სხვაობითაც გაიმარჯვეს.

დინამოელთაგან ერთბაშად 4 მოთამაშე ასცდა 10–ქულიან ზღვარს, ხოლო მათგან
ირაკლი ალხანაიძემ ორმაგი დუბლი მიითვალა – 17 ქულა, 13 მოხსნა. 18–18 ქულით
დაასრულეს შეხვედრა შალვა კაკაურიძემ და დავით დეკანოიძემ. დამარცხებულთაგან 18
ქულა და 16 მოხსნა ჰქონდა გიორგი რევაზაშვილს და ეს არცაა გასაკვირი – მან ხომ
თითქმის შეუცვლელად, 39.51 წუთით ითამაშა.