ჩემპიონობა რუსთავში დარჩა

ჩემპიონობა რუსთავში დარჩა

მოქმედმა ჩემნპიონმა ტიტული შეინარჩუნა: რუსთაველებმა თბილისში ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგეს „აკადემიას“ და ჩემპიონები გახდნენ. ქვემოქართლელებმა 6 სეზონიდან მეხუთეჯერ მოიგეს პირველი ადგილი.
„აკადემიის“ დარბაზში გამართულმა მატჩმა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა. რუსთაველებმა ბოლოსკენ მოახერხეს უპირატესობის მოპოვება, თორემ თავიდან და საკმაო ხანი გია კაზანჯიანის „აკადემია“ ლიდერობდა.აკადემიელებს საამმატჩოდ დაემატათ სუპერლიგის ფინალისტის, აგრარული უნივერსიტეტის გუნდის ერთ–ერთი ლიდერი გიგი ბარბაქაძე. „აკადემია“ ხომ აგრარული უნივერსიტეტის გუნდის დუბლებია და რაკი ასაკი ხელს უწყობდა, ბარბაქაძე კაზანჯიანის გუნდს დაემატა.სწორედ ბარბაქაძე იყო, „აკადემიას“ რომ შანსს უნარჩუნებდა. მისი დახმარებიტ აკადემიელები სოლიდურად იგებდნენ, მესამე მეოთხედში 14 ქულითაც გაიჭრნენ წინ, თუმცა…რუსთაველებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. თუკი აკადემიელებს ბარბაქაძე და მერაბ ბოქოლიშვილი ჰყავდათ სუპერლიგაში თამაშის გამოცდილებით, რუსთაველებს ასეთი ერთბაშად 4 კალათბურთელი ჰყავდათ – მალხაზ აბაიშვილი, აკაკი დვალიშვილი, ზურაბ მაჭავარიანი და ლევან ხმელიძე. სწორედ ამ მოთამაშეებმა გააბათილეს მესამე მეოთხედში რუსტაველების ჩამორჩენა და გადამწყვეტ ათწუთეულში იერიში მიიტანეს აკადემიელებზე. გადამწყვეტი სიტყვა რუსთაველმა ზურაბ თვარაძემ თქვა, რომელმაც ბოლო წუთებზე უმნიშვნელოვანესი 2 სამქულიანი მიითვალა და ქვემოქართლელები მეტოქისთვის მიუწვდომელები გახადა.