ჩემპიონთა ლიგის მატჩში შერმადინმა ტენერიფეს ბილბაოსთან ულიდერა

ჩემპიონთა ლიგის მატჩში შერმადინმა ტენერიფეს ბილბაოსთან ულიდერა

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე მესამე მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელებმა „ბილბაოს“ უმასპინძლეს და 78:66 დაამარცხეს. მატჩის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა გიორგი შერმადინის კარგმა თამაშმა. მისი შეჩერება ბასკებისთვის შეუსრულებელი ამოცანა აღმოჩნდა.

ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 22 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი. გიორგიმ 14-დან 10 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ასეთი მაჩვენებლით, რა თქმა უნდა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში სტატისტიკის ლიდერი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„ტენერიფეს“ სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვს და ოთხგუნდიან ჯგუფს ლიდერობს. მას მეოთხედფინალში გასვლა თითქმის განაღდებული აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს ტენერიფელები 7 მარტს ბილბაოში გამართავენ.