ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-2 ფანჯრის მატჩებს 24 და 27 თებერვალს – ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ჩვენი ეროვნული გუნდი ბალკანელებს ჯერ თბილისში დაუპირისპირდებიან, 3 დღეში კი სტუმრად, ქალაქ სკოპიეში ეთამაშებიან.

ჩრდილომაკედონიელები უკვე თბილისში არიან და დღეს, საღამოს, სპორტის სასახლეში ივარჯიშეს. მანამდე კი სასახლეში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ივარჯიშა, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 2 მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა გასული წლის 26 ნოემბერს თბილისში უკრაინას 88:83 სძლია, ხოლო 29-ში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა. თითო მოგებ-წაგებით საქართველო G ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ჯგუფის დარჩენილ 4 მატჩში მაქსიმალურად მეტი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რათა მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გადაჰყვეს.

მატჩი 24 თებერვალს, 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებთ.

შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 33% დაესწრება.

➤ ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს ონლაინ –  tkt.ge-ზე. იაქტიურეთ და მობრძანდით სპორტის სასახლეში. მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ქულების მოსაპოვებლად. 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს, თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.