ჩვენი ევრომეტოქეები: ბულგარეთმა ბორმიოს ტურნირის ფინალში იტალიასთან წააგო

ჩვენი ევრომეტოქეები: ბულგარეთმა ბორმიოს ტურნირის ფინალში იტალიასთან წააგო

ბულგარეთის ნაკრებმა, რომელიც საქართველოს მეტოქეა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, იტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის სატიტულო მატჩი მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან 74:80 წააგო.
 
ქალაქ ბორმიოს ტრადიციულმა ტურნირმა, რომელშიც 8 წლის წინ საქართველოს ნაკრებსაც უთამაშია, სტარტი 29 ივლისს აიღო. მასში 4 ნაკრები: იტალია, ბულგარეთი, კანადა და მაკედონია მონაწილეობდნენ. გუნდები პირდაპირ ნახევარფინალში დაწყვილდნენ. იტალიამ მაკედონიას მოუგო, ხოლო ბულგარეთმა კანადას 79:72 მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
 
ბულგარელებმა მასპინძლებს ვეღარ აჯობეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. „ტროფეო ჯიანატის“ თასს კი იტალია დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირამდე ბულგარელებმა ხორვატიაშიც ითამაშეს სპარინგ–მატჩი, რომელიც 23 ქულით, 54:77 წააგეს.