ჩვენი მეტიქეები: დევიდ ბლატი რუსეთის ნაკრების შესახებ

ჩვენი მეტიქეები: დევიდ ბლატი რუსეთის ნაკრების შესახებ

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი „სპორტს–ექსპრესს“ ესაუბრა. რუსეთი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფშია და ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს მათი თავკაცის შეხედულებები საკუთარი გუნდის შემადგენლობაზე.
 
– რუსეთის ნაკრების კანდიდატების თამაშს ვიდეოთი და ინტერნეტით ვუყურებ, ზოგიერთ მათგანს ტელეფონით ველაპარაკები. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვიყალიბდება ნაკრების ახალ მენეჯერ ოლეგ უშაკოვთან. ევროლიგის ოთხთა ფინალის მსვლელობისას ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით, საუბარი საკმაოდ პროდუქტიული და საქმიანი იყო. ვფიქრობ, უშაკოვთან საკმაოდ კარგ სამუშაო ტანდემს შევქმნით.
 
– 2011 წლის ნაკრები უწინდელზე მრავალმხრივი იქნება, რადგან ჩვენ დაგვიბრუნდა ანდრეი კირილენკო. იგი ნაკრებისთვის დიდი კოზირია. კირილენკო ხომ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ჯეიარ ჰოლდენთან დაკავშირებით ყველაფერი ძველებურადაა. ყოველი სეზონის ბოლოს ნაკრებში ვიწვევთ, ის კი მოფიქრებისთვის დროს ითხოვს.
 
– ძალიან მადარდებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ნაკრების რამდენიმე კანდიდატს საკუთარ კლუბში თითქმის არ უწევს. მაგალითად სერგეი ბიკოვს, რომელიც გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ერთ–ერთი წამყვანი მოთმაშე იყო. ვეცდები, გავარკვიო, თუ რაშია მისი პრობლემა. ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვის ცსკა–ს სამწვრთნელო შტაბში უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ.
 

 
– წინა ხაზში საკმაოდ კარგად გვაქვს საქმე. როცა კარგ ფორმაში არინ, ტიმოფეი მოზგოვი და საშა კაუნი ევროპში ერთ–ერთი საუკეთესო ტანდემია. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვამბობდი, რომ მოზგოვი და კაუნი რუსული კალათბურთის ლიდერები გახდებოდნენ. ვიქტორ ხრიაპასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანია. თუკი მოუნდება და შეძლებს, მისთვის ნაკრების კარი ღიაა. მასთან პრობლემა მხოლოდ ტრავმას უკავშირდება. ოპერაცია გადაიტანა მოზგოვმა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ევროპის ჩემპიონატს მზადყოფნაში შეხვდება.
 
– ცუდი სეზონი არ ჩაუტარებიათ პონკრაშოვსა და ფრიდზონს, გარკვეულწილად – სერგეი მოანიასაც. ხვოსტოვიც მომეწონა, თუმცა მან ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა. ხვოსტოვი უკვე მწყობრშია და მან საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა, რომ სანაკრებო შეკრებაზე პირველივე დღიდან, ანუ ივნისის ბოლოდან გამოცხადდეს. ეს იქნება ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეების, ნაკრების ახალი კანდიდატების გაფართოვებული შეკრება და იგი მოსკოვში, ცსკა–ს კომპლექსში ჩატარდება. გენერალური შეკრება კი 17 ივლისიდან დაიწყება.