ჩვენმა კადეტებმა უკრაინელებს მეორე სპარინგი ბოლო წამზე მოუგეს

ამხანაგური მატჩი. კიევი. 10 ივლისი
უკრაინა (U-16) 63:65 საქართველო (U–16)
20:8 22:15 14:19 7:23
საქართველო: რამიშვილი (18), ბურჯანაძე (14), მიქელაძე (12), გულმაგარაშვილი (4), გ. მესხი (6), ღვალაძე (4), ფხაკაძე (3), ლოლიშვილი (2), ღუდუშაური (2)
 
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს კადეტთა ნაკრებმა დღეს კიევში მეორე ამხანაგური მატჩიც მოუგო უკრაინელ თანატოლებს და ხვალ რომც წააგოს, სამშობლოში დადებითი ბალანსით დაბრუნდება. ჩვენმა 16–წლამდელებმა თითქმის იგივე ანგარიშით მოიგეს დღეს (65:63), როგორც ეს გუშინ მოახერხეს (68:63), თუმც თამაშის სცენარი რადიკალურად განსხვავდებოდა პირველი შეხვედრისგან.
თუკი ქართველმა კადეტებმა უკრაინელები გუშინ თავიდანვე ჩამოიტოვეს, დღეს თავად აღმოჩდნენ მდევრის როლში. თანაც როგორ – მეორე მეოთხედში 22 ქულითაც აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ უდაძაბულეს ორთაბრძოლაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 42:23 მოიგეს და გამარჯვებაზე თამამი განაცხადი გააკეთეს. მესამე მეოთხედში ქართველებმა ჩამორჩენის შემცირება ოდნავ მოახერხეს – 19:14 იმარჯვეს და გადამწყვეტი ათწუთეულის დაწყებამდე 14 ქულით აგებდნენ. დარჩენილ დროში ქართველებმა თავი გამოიდვეს და მიუხედავად ამხელა ჩამორჩენისა, საბოლოოდ 2 ქულით გაიმარჯვეს.
თუკი წინა მატჩში გამთამაშებლის პოზიციაზე ოთარ ფხაკაძე გამოირჩეოდა, ამჯერად თამაშის გაძღოლა მისმა თანაამპლუელმა ნიკა რამიშვილმა ითავა, რომელსაც საბოლოოდ ქართველთაგან უმეტესი – 18 ქულა მოუგროვდა. სწორედ რამიშვილმა წამოიწყო გადამწყვეტი შეტევა ბოლო წამებზე, როცა ანგარიში საყაიმო იყო და ფარქვეშ ჩასაფრებულ გეგა მესხს გამოზომილი პასი მიაწოდა. მესხმა არ დაახანა და გამარჯვების ბურთი ზედ სირენის თანხლებით ჩააგდო.
საქართველოს კადეტთა ნაკრები ხვალ შუადღეს ერთხელაც ეთამაშება უკრაინელებს და სამშობლოში დაბრუნდება. როგორც გია კაზანჯიანმა გვითხრა, ბოლო მატჩში ის სათადარიგოთათვის შანსის მიცემას აპირებს და მოედანზე ყველა იმ კალათბურთელს გაიყვანს, რომლებსაც აქამდე არ უთამაშიათ.
 

ოთარ ფხაკაძე საკუთარ ფარს უკრაინელის შემოტევისგან იცავს
 

ლევან ლოლიშვილი უკრაინელი ოპონენტის დაფარებას ცდილობს