დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირზე დღეს მეორე ტურის მატჩები გაიმართა, თუმცა ვერც ერთმა გუნდმა ნახევარფინალის საგზური ვერ გაინაღდა. პირველ ტურში გამარჯვებული 2 გუნდი დამარცხდა, ხოლო გათამაშებაში მეორე ტურიდან ჩაბმულმა ყველა მონაწილემ გაიმარჯვა და შესაბამისად, პლეი ოფის ოთხივე მონაწილეს ბოლო ტურის მატჩები გამოავლენს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ახალი საკალათბურთო სეზონი ბრწყინვალე გამარჯვებით გახსნა. ოლიმპიურ სასახლეში 5 ოქტომბერს დაწყებულ დუდუ დადიანის მემორიალში თსუ დღეს ჩაერთო და 21-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე გასული სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი “რუსთავი” გახლდათ, რომელმაც მიმდინარე ტურნირის პირველი მატჩი გუშინ ჯგუფის მე-3 წევრ “ოლიმპთან” 78:95 დათმო.
უნივერსიტეტელებმა მეტოქეს პირველივე ნახევარში მოუმთავრეს საქმე, როცა საწყისი მეოთხედი 26:17 მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე კი 26 ქულას იგებდნენ. მესამე პერიოდში თსუ-ს უპირატესობამ 30 ქულას გადააჭარბა და მატჩის დარჩენილი დრო ფორმალობად იქცა. უნივერსიტეტელებს გამარჯვება განაღდებული ჰქონდათ და დარჩენილი დრო მწვრთნელებმა გუნდის შესათამაშებლად, კომბინაციების დასამუშავებლად და ახალგაზრდების გამოსაცდელად გამოიყენეს.
დიდებული მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების ვეტერანმა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც გამთამაშებლობის უბადლო ნიჭი გამოავლინა და 15 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, რასაც 15 ქულა და 4 ჩაჭრა მოაყოლა. მაღალი კლასი და სიზუსტე გამოავლინა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც სარგებლიანობის შესაშური კოეფიციენტი – 41 დააგროვა. მიშამ 28 ქულა, 12 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ბერიშვილმა 6-დან 6 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
თსუ დუდუ დადიანის მემორიალის “ა” ჯგუფში მეორე მატჩს 7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, “ოლიმპის” წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა.
დუდუ დადიანის წლევანდელ გათამაშებაში პირველი ოვერტაიმი დაფიქსირდა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი “ვერა” გამარჯვებასთან და შესაბამისად, ნახევარფინალთან ახლოს იყო, თუმცა მეტოქემ არ დააცალა. ირაკლი ძიძიგურისა და გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილმა ცხუმ-აფხაზეთმა ბოლო 2 წუთში 7-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია.
შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როცა თაჩ უნრუჰმა მორიგი ორქულიანით ვერელები 89:82 დააწინაურა. დარჩენილ დროში ცხუმელებმა დაცვისა და სწრაფი შეტევებს მოყოლილი საჯარიმოებით წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. ძირითადი დროის ბოლო წუთებზე 4 საჯარიმო ჩააგდო ლუკა მაზიაშვილმა, ზუკა მაჩალაძემ კი ორქულიანით ანგარიში 93:93-ზე გაათანაბრა და ოვერტაიმი დაინიშნა.
დამატებით პერიოდში ვერელები ფსიქოლოგიურად გატყდნენ. ცხუმელებმა კი ბეწვზე გადარჩენილი თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ. ცხუმელებს ულიდერა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ლუკა მაზიაშვილმა, რომელმაც 32 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 22 ქულა ნაკრების კიდევ ერთმა კანდიდატმა, ნიკა ჩეჩელაშვილმა მიითვალა, ვეტერანი ზუკა მაჩალაძის ანგარიშზე კი 21 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. ვერაში 34 ქულითა და 9 მოხსნით თაჩ უნრუჰი გამოირჩა. 19 ქულა და 11 მოხსნა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე დაგროვდა.
“ბ” ჯგუფის ბოლო შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთი” “პირველ ტურში ვერასთან წაგებულ “ტიტებს” დაუპირისპირდება.
დუდუ დადიანის თასის მოქმედი მფლობელი “ქუთაისი” გათამაშებაში დღეს ჩაება. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი იმერული კლუბი “მეგას” დაუპირისპირდა და მართალია, 8 ქულით იმარჯვა, თუმცა მთელი შეხვედრის მანძილზე თავს კომფორტულად გრძნობდა და გამარჯვების მოპოვებაც არ გასჭირვებია.
ქუთაისელებმა შემადგენლობა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი კორსანტიათი გაიძლიერეს. იმერულმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში გამოცდილი კალათბურთელი, სუპერლიგის 2018-2019 წლების საუკეთესო მოთამაშის პრიზის მფლობელი ადრიან ბოუიც შეიმატეს. “მეგამ” მემორიალის პირველ მატჩში “კაკტუსი” დაამარცხა და დღეს ქუთაისელებიც რომ დაემარცხებინა, ნახევარფინალში გავიდოდა, თუმცა… შედარებით თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ქუთაისელებმა მეორე ათწუთეული 31:20 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ხელჩასაჭიდ ლიდერობას დაეპატრონნენ – 53:39.
ჯიმონ ჰენსონის შედეგიანობის წყალობით მეგამ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ იმდენად ვერა, რომ მოედანზე ვითარება დაძაბულიყო. ქუთაისელები გამარჯვებამდე გართულებების გარეშე მივიდნენ და ნახევარფინალში გასასვლელად ხვალ “კაკტუსის” დამარცხება ესაჭიროებათ. იმერულ კლუბში 18 ქულით ბომბარდირი ადრიან ბოუი გახდა, გიორგი კორსანტიამ კი ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. საერთო შედეგიანობით ერთ-ერთი საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 9 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. მეგაში და სრულიად მატჩში 42 ქულით საუკეთესო იყო ჯიმონ ჰენსონი, რომელმაც 10 სამქულიანი ჩააგდო. 12 ქულა და 9 პასი ტაილერ კორბინის ანგარიშზეა.