დამოუკიდებლობის დღე და კალათბურთი ყველასათვის

დამოუკიდებლობის დღე და კალათბურთი ყველასათვის

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე არაერთი ღონისძიება გაიმართა როგორც სამხედრო, ასევე კულტური და სპორტული. მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით საკალათბურთო შეჯიბრი გაიმართა, რომელში მონაწილეობა უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო. ასაკი და სქესი შეუზღუდავი იყო, ამიტომაც ტურნირში ბიჭებთან ერთად გოგონებიც მონაწილეობდნენ.
 

 
კოკისპირულმა წვიმამ ღონისძიებების დაწყება შუადღემდე შეაყოვნა და საკალათბურთო ტურნირი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე სტატრი აიღო. ტურნირის ყველა მონაწილეს სუპერლიგის ფინალსა და სუპერთასზე დასასწრებ ბილეთებთან ერთად საჩუქრად ის ჟურნალი გადაეცა, რომელიც კალათბურთის ფედერაციამ გასულ შემოდგომაზე გამოსცა და რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ.
 
საკალათბურთო ტურნირზე მოვიდნენ და მონაწილეებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, საკალათბურთო კლუბ არმიას მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა და მოთამაშე ზვიად ბაბიაშვილმა. ახალგაზრდები აღფრთოვანებული იყვნენ ნაკრების კაპიტნის ხილვით და ფაჩულიას ფოტოსესიაში მონაწილეობა გვარიანი ხნით მოუხდა.
 
ახალგაზრდობის სასახლესთან მოვიდა და მიმდინარე ტურნირის მსვლელობა დაათვალიერა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო და კალათბურთის თამაშით გული იჯერა 100-ზე მეტმა გოგონამ და ბიჭმა. ტურნირი საღამომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც მონაწილეთა უმეტესობაც ნაჩუქარი ბილეთებით სპორტის სასახლეში, სუპერლიგის ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩის საყურებლად გაემართა.