საქართველოს სამივე ასაკობრივი ნაკრები ფიბა–ევროპის ჩემპიონატებში B დივიზიონშია. 20–წლამდელთა ნაკრები, რომელსაც მწვრთნელად დავით უსტიაშვილი დაუბრუნდა, ევროჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოხვდა, თუმცა ქართველებს თავისი კოზირებიც გააჩნიათ და მაკედონიაში უიმედოდ არ მიდიან. წლეულს B დივიზიონს 14–24 ივლისს ბოსნია–ჰერცოგოვინის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. საქართველო A ჯგუფში შემდეგ ქვეყნებთან მოხვდა: პოლონეთი, ესტონეთი, შვეიცარია, რუმინეთი და მაკედონია. 20–წლამდელთა ნაკრები ყოველ კვირას ვარჯიშობს, თუმცა გენერალურ შეკრებაზე 10 ივნისიდან გადავა. დავით უსტიაშვილი სანაკრებო გეგმებზე გვესაუბრება
– 20–წლამდელთა ნაკრები კვირაში ერთხელ დიღმის ბაზაზე იკრიბება და ვარჯიშობს. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ნაკრების კანდიდატებს, ერთმანეთთან შეთამაშებულები იყვნენ, როცა გენერალური შეკრება დაიწყება.
– როდის დაიწყება გენერალური შეკრება და რამდენ მოთამაშეს გამოიძახებთ?
– 10 ივნისიდან ყოველდღიურ ვარჯიშებზე გადავალთ და სადმე შეკრებასაც გავივლით. გამოვიძახებ ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც ღირსი იქნება. ნაკრებს ჰყავს თავისი ბირთვი, თუმცა სხვა მოთამაშეებსაც ვაკვირდებით და მათ შანსს ვაძლევთ. ვარჯიშებზე ხან ვის ვიბარებ, ხან ვის. ოღონდ ვინმემ თავი გამოიჩინოს და ნაკრებისთვის გამოგვადგეს – ნებისმიერს შევიყვან ძირითად შემადგენლობაში.
– ლეგიონერებზე რა სიტყვით?
– გასულ სეზონთან შედარებით, ამ ასაკში ახლა ნაკლები ლეგიონერია. მხოლოდ თორნიკე შენგელია და მერაბ ბოქოლიშვილი თამაშობენ საზღვარგარეთ.
– თორნიკე შენგელია ეროვნული ნაკრების წევრია. ამის გამო მან გასული წლის 20–წლამდელთა ჩემპიონატზე მხოლოდ პირველი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში ითამაშა. ახლა როგორ იქნება მისი საქმე?
– მოგეხსენებათ, ეროვნული ნაკრების შეკრება 24 ივლისს იწყება. სწორედ ამ დღეს არის დანიშნული 20–წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი. შესაბამისად, თორნიკე უპრობლემოდ ასწრებს ახალგაზრდული ნაკრების ყველა მატჩში მონაწილეობას. მოგეხსენებათ, მე ეროვნულ ნაკრებშიც ვმუშაობ და 24 ივლისს შეკრებაზე უნდა ვიყო. ვფიქრობ, შენგელიას ახალგაზრდულში თამაშში ხელი არ შეეშლება. პირიქით, კარგ გამოცდილებას მიიღებს და ფორმაშიც შევა.
– თუ იგეგმება მოსამზადებელი მატჩების გამართვა?
– სადღეისოდ კონკრეტული მეტოქეების ვინაობა არაა ცნობილი, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე მუშაობენ და სპარინგ–მატჩებიც გვექნება.
– რას იტყვით ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მეტოქეებზე?
– საკმაოდ ძლიერი და დაბალანსებული ჯგუფია. ვერც ერთ ნაკრებზე ვერ ვიტყვით, რომ სუსტია. კალენდარიც ცუდადაა შედგენილი. ჯგუფურ ეტაპზე დასვენება არ არის. 5 დღე გადაბმულად გვიწევს თამაში. წინასწარ ძნელია იმის თქმა, თუ რას ვიზავთ, თუმცა ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იქნება.