დავით უსტიაშვილი: “ბოქოლიშვილმა გამაჯვების ბურთი რომ ჩააგდო, თამაში დროებით შეწყდა”

დავით უსტიაშვილი: “ბოქოლიშვილმა გამაჯვების ბურთი რომ ჩააგდო, თამაში დროებით შეწყდა”

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში წარმატებით ასპარეზობს. დავით უსტიაშვილის გუნდმა ტურნირის საწყისი 4 მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა. ქართველებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატჩი წუხელ მოიგეს, როცა უშუალო კონკურენტი ესტონეთი ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით 88:87 დაამარცხეს. ფიბა–ევროპის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მატჩის პირდაპირი ტექსტური ტრანსლაციისას დაიწერა, რომ მერაბ ბოქოლიშვილმა ფინალურ სირენამდე 6 წამით ადრე ჩააგდო გამარჯვების ბურთი. დღეს სარაევოში დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ქართველებმა გამარჯვების ბურთი საფინალო სირენამდე 1,4 წამით ადრე ჩააგდეს.
 

 
– საოცარი შეხვედრა იყო. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბოლო წამები კი არასდროს დაგვავიწყდება. ისეთი დაძაბულობა იყო, რომ ბოქოლიშვილის ჩაგდებული ბურთის შემდეგ ყველამ ძალიან გაიხარა. მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა, რადგან ემოციები არ ცხრებოდა. ესტონელები კი გონზე მოდიოდნენ.
– საინტერესოა, ბოქოლიშვილმა ბურთი როგორ ვითარებაში ჩააგდო…
– სანამ მერაბის ბურთზე გეტყოდეთ, გავიხსენებ გივი ბაქრაძის გარღვევას, რომელიც მან ბოლო წუთზე განახორციელა, როცა 1 ქულას ვიგებდით. ბურთი კალათში ჩაეშვა და ბიჭებიც გახარებულები წამოიშალნენ, მაგრამ რაღაც სასწაულებრივად ბურთი კალათში დატრიალდა და რკალიდან ამოვარდა. ეს დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან ესტონეთი უკვე იშტაზე იყო მოსული, ის შეტევა წარმატებით დააგვირგვინა და 1 ქულით დაწინაურდა.
– რაინ ვიედმანმა მატჩის ბოლო 4 წუთში 16 ქულა ჩაგვიგდო და რომ არა ბოლო წამებზე ჩაგდებული ბოქოლიშვილის ბურთი, დამარცხება არ აგვცდებოდა…
– ვიედმანი კარგი კალათბურთელია. საერთოდ, ესტონეთი ისეთი გუნდია, რომ პატარა შეცდომას არ გაპატიებს. ბოლო წუთებზე ვიედმანმა რაც ესროლა, ყველა ბურთი ჩააგდო. იმისი ნასროლი კალათში ეშვებოდა, ჩვენ კი რამდენიმე ბურთი ჩაგდებული რომ გვეგონა, უკან ამოვარდა. თამაშის დასრულებამდე 12 წამით ადრე ვიედმანმა საჯარიმოები ჩაგვიგდო და ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით. წუთშესვენება ავიღე, ბიჭებს კომბინაციის შესრულების დავალება მივეცი. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დავგეგმეთ, თუმცა ნოდარ თენიეშვილის ნასროლი ბურთი მიზანს აცდა, თამაშის დასრულებამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა. ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის რევაზაშვილი და 2 ესტონელი იბრძოდნენ, თუმცა ბურთი ფართან მდგომმა მერაბ ბოქოლიშვილმა მოხსნა, ეგრევე ესროლა და ჩააგდო.
– რის შემდეგაც ესტონელებს ბოლო შეტევა დარჩათ…
– თეორიულად კი შეეძლოთ ბურთის ჩაგდება, მაგრამ პრაქტიკულად ეს შეუძლებელი იყო. ბოქოლიშვილმა რომ ბურთი ჩააგდო, საფინალო სირენამდე 1,4 წამი რჩებოდა. ესტონელებმა ამ დროში ვერფერი ვეღარ მოახერხეს, ისეთი დაბნეულები იყვნენ.
– თორნიკე შენგელია მოედნიდან რომ გავარდა, თამაშის დასრულებამდე სამ წუთამდე რჩებოდა. არ იფიქრეთ, რომ წააგებდით?
– რა თქმა უნდა, შენგელიას გავარდნამ ჩვენი შანსები შეამცირა, მაგრამ მე ჩვენი გუნდის ბოლომდე მჯეროდა. ამიტომაც გამიხარდა განსაკუთრებულად ეს გამარჯვება. ლიდერის გარეშე დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და მაშინაც კი, როცა ბოლო წამებზე ჩამორჩა, გამარჯვების მოპოვება შეძლო. კალათბურთში ყველაფერი ხდება და თუკი ლიდერის გარეშე დარჩები, იმ შემთხვევაშიც უნდა შეგეძლოს თავის გატანა. ჩვენმა ბიჭებმა ეს მოახერხეს და ძალიან გახარებული ვარ. ცაკლე თემაა, რომ შენგელია მე–5 ჯარიმას არ იმსახურებდა.
– ფიქრობთ, რომ მსაჯები ესტონეთს მიუდგნენ?
– არა და მსაჯებზე საუბარი არც მჩვევია. უბრალოდ, არბიტრს აშკარა შეცდომა მოუვიდა. შენგელიამ ბურთი ჩააგდო და მასზე ესტონელი დაჯარიმდა. აშკარა იყო, რომ მეტოქე შენგელიას მოძრაობაში მიჰყვებოდა და დაეჯახა. ბურთი რომ ჩავარდა, ყველამ ვიზეიმეთ და შენგელია 1 საჯარიმოს სასროლადაც მოემზადა, თუმცა მსაჯმა არა ესტონელს, არამედ მას მისცა პერსონალური, რომელიც მისთვის მეხუთე აღმოჩნდა. იმ ეპიზოდში 4 ქულას ვიგებდით და იმისა მაგივრად, რომ სხვაობა გაზრდილიყო და საჯარიმოც გვესროლა, გუნდის ლიდერი მოედნიდან გაგვიგდეს. ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან მანამდე მოედნიდან უკვე გავარდნილები იყვნენ დუდა სანაძე და აკაკი დვალიშვილი. ყველაფრის მიუხედავად გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
– დღეს რუმინეთთან მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული აქვს…
– ეს ძალიან დადებითი მომენტია. პირველობა განაღდებული გვაქვს და ბოლო მატჩში გუნდის წამყვან მოთამაშეებს დიდად არ დავტვირთავ. მეტ სათამაშო დროს მივცემ სათადარიგოებს. რამდენიმე მათგანი საერთოდ არ გასულა მოედანზე. ყველას მივცემ შანსს, ხომ უნდა ვნახო, ოფიციალურ მატჩში ვის რა შეუძლია და შესაბამისად, თუკი საჭიროება მოითხოვს, მომავალ პრინციპულ მატჩებში გამოვიყენო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე.
– მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე პრემიალური ქულით შეიხართ…
– ჯგუფიდან ჩვენს კვალად გინდა ესტონეთი გავიდეს, გინდაც პოლონეთი, ამას მნიშვნელობა არა აქვს – ჩვენ მაინც პრემიალური ქულით ვიწყებთ მეორე ჯგუფურ ეტაპს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი შანსია, ჯგუფში ჩასატარებელი 2 მატჩიდან ნახევარფინალში გასასვლელად ერთის მოგებამაც იკმაროს. ჩვენი სავარაუდო მეტოქეები დანია და სლოვაკეთი იქნებიან, თუმცა ბულგარეთსაც აქვს შანსი, რომელიმე მათგანი ჯგუფში ჩატოვოს. ყველაფერი ეს დღეს საღამოს გახდება ცნობილი, როცა პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდება.